„ისრაელის არქეოლოგებმა აღმოაჩინეს საიუველირო სამკაულები, აგრეთვე ასობით ოქროსა და ვერცხლის მონეტა, რომლებიც, მათი ვარაუდით, თითქმის ორი ათასი წლის წინ, ადგილობრივმა არისტოკრატმა ქალმა გადამალა, რომაული ბატონობის წინააღმდეგ დაწყებული აჯანყების ჟამს“ – იტყობინება ისრაელის სიძველეთა სამმართველო.
განძი იპოვნეს რომაულ-ბიზანტიური პერიოდის მდიდრული სახლის გათხრებისას, სამხრეთის ქალაქ კირიატ-გატას შემოგარენში. მეცნიერების დაკვირვების ობიექტი გახდა 140 მონეტა ძველი რომის იმპერატორების პროფილებით, ოქროს ბეჭედი და ყვავილის ფორმის საყურე.
განძი დათარიღებულია ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნით, როდესაც მიმდინარეობდა იუდეველთა აჯანყება ბარ-კოხბას მეთაურობით. სამწლიანი აჯანყება დაიწყო 132 წელს მას შემდეგ, რაც იმპერატორმა ადრიანემ გადაწყვიტა დანგრეული იერუსალიმის ადგილზე ელია-კაპიტოლინის რომაული კოლონიის გაშენება. აჯანყება სასტიკად ჩაახშეს, მისი მესვეურები დახოცეს, ხოლო იუდეა აქციეს სირიის პროვინციად.