ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურებში მცხოვრები 28 წლის არჩილ შათირიშვილის ტრაგიკულად დაღუპვას, რომელიც, სურების მთებში, მესაქონლეთა კარავში გაყინული იპოვეს, მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ეხმაურება:
"მხოლოდ იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტმა არ გამოყო ვერტმფრენი სამძებრო სამუშაოსთვის და თან ცენტრალურმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა (ან არ შეატყობინეს ცენტრალურ ხელისუფალთ), ახალგაზრდა ბიჭი უშედეგოდ იძებნებოდა თანასოფლელების მონაწილეობით და დიდი ხნის ძებნის შემდეგ გაყინული იპოვეს!!! დიახ, მეგობრებო, ეს სინამდვილეა და გუშინ ჩემს სოფელში, ჩოხატაურის რაიონში, სოფელ სურებში მოხდა! გარდაცვლილს სიმწრისგან ხელები ჰქონია შეჭმული!!! პასუხს ვინ აგებს, ვინ!" _ წერს ბიბინეიშვილი სოციალურ ქსელში.
აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
"ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელობამ, არჩილ შათირიშვილის გაუჩინარების შესახებ, საქმის კურსში 30 იანვარს, დღის მეორე ნახევარში ჩამაყენა. იმავე წუთიდან ინფორმაცია მივაწოდე ჩემს წარმომადგენელს შუა სურებში შორენა ტრაპაიძეს, რომლისთვისაც, ისე როგორც სოფლის დიდი ნაწილისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით მანამდე ცნობილი არ იყო. ამის შემდეგ, სამძებრო სამუშაოებში ყველა ჩაერთო", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.
დაღუპულის ახლობლების თქმით, არჩილი სურების მთებიდან ვანის მუნიციპალიტეტში, ახლობელთან შაბათს გადავიდა.
_ ორი დღე რომ არ გამოჩნდა ძებნა დაიწყეს. სამაშველოში ორშაბათს დარეკეს, მანამდე დამოუკიდებლად ეძებდნენ, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას შათირიშვილის ახლობლებმა.
ამ ინფორმაციას გვიდასტურებენ სამაშველო სამსახურში, სადაც განმარტავენ, რომ სამძებრო სამუშაოები შეტყობინების შესვლისთანავე, ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში დაიწყეს.
დაღუპულის ცხედრის პოვნა მეორე დღეს გახდა შესაძლებელი. არსებული ინფორმაციით არჩილ შათირიშვილმა სურების მთებზე გადმოსვლა, სადაც თოვლის საფარი სამ მეტრს აღწევდა ვეღარ შეძლო, თავი მწყემსების კარავს შეაფარა და იქ გაიყინა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საქმეს ვანის პოლიციის სამმართველო იძიებს. ჩვენი ინფორმაციით სურებში ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი იმყოფება.
არჩილ შათირიშვილს სამშაბათს დაკრძალავენ და როგორც გვითხრეს, ხარჯების ნაწილს გამგეობა დაფარავს.