დღეს გურიაში დილაადრიან უფრო ინტენსიურად თოვდა, ვიდრე ამ დროისთვის. თუმცა, სუსტად თოვა კვლავ გრძელდება. ახალი წლის შემდეგ, აქ პირველად გათოვდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ჯერჯერობით, ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს. სოფლებში სარეისო მარშრუტები სრულდება. დილის რვა საათისთვის შუქი გამოირთო სოფელ ჭანიეთში.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოზურგეთის ოფისის მენეჯერი გია ნაკაიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მხოლოდ ლიხაური-ჭანიეთიას უბანი გამოირთო.
_ ამ წუთებში ლიხაური-ჭანიეთის მონაკვეთზე გასულია სამუშაო ჯგუფი და დაზიანება დაუყოვნებლივ შეკეთდება. ეს თოვლის გამოა თუ სხვა რამეა შეფერხების მიზეზი, ჯერ არ ვიცით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებს ჯერ შუქი უპრობლემოდ მიეწოდებათ, _ გვითხრა ნაკაიძემ.