სააპელაციო სასამართლო დღეს კაბელების საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. სხდომა 3 საათზეა დანიშნული. ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული თავდაცვის სამინისტროს იმ ხუთი ყოფილი თანამშრომლის ბედი, რომლებსაც გამოძიება ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს, თანხების გაფლანგვას ედავება.
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებადამცველები აცხადებენ, რომ დღეს სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს. რადგან ადვოკატ ლევან ვეფხვაძის თქმით, სასამართლო პროცესზე პროკურატურამ ვერ შეძლო ვერც ერთი მტკიცებულების წარდგენა, რომელიც მსჯავრდებულთა ბრალეულობას დაადასტურებდა.
„იმ შემთხვევაში თუ სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებებს სამართლებრივად ობიექტურად შეაფასებს, ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტური იქნება არის გამამართლებელი განაჩენი და მსჯავრდებულების დაუყოვნებელი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება, რადგან პროკურატურამ ვერ შეძლო წარმოედგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული პირების რაიმე ბრალეულობას", _ განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატმა, ლევან ვეფხვაძემ.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას. პროკურატურას მიაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის 7-წლიანი სასჯელი არის არასაკმარისი და წლების გაზრდას ითხოვს.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო კოლეგია ერთ წლიანი განხილვის შემდეგ, 15:00 საათზე გახდება ცნობილი.
ამავე თემაზე:
რა წერია ე.წ. კაბელების საქმეზე Human Rights Watch-ის ანგარიშში