სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატურები ჩავარდა, რის გამოც, ევროსასამართლოში წარსადგენ მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით საქართველოს მსჯელობა კიდევ ერთხელ მოუწევს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლეობის წარდგენილი კანდიდატების წინააღმდეგ ხმა 5-მა მისცა, 1 იყო მომხრე და ორმა თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატთან – ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი – გასაუბრებები გაიმართა, თუმცა კენჭისყრა 2017 წლის იანვრისთვის გადაიდო.
„სამარცხვინო“, „უპრეცენდენტო“ ფაქტი _ ასე აფასებენ უმცირესობის წარმომადგენლები ევროსასამართლოში კანდიდატების ჩავარდნას.
როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნინო კალანდაძე აცხადებს, მას არ ახსენდება პრეცედენტი, სადაც სტრასბურგში, წევრი ქვეყნისთვის ასე დემონსტირებულად უპატივცემულობა გამოუხატავთ.
მისივე მოსაზრებით, ეს არის მკაფიო გზავნილი სახელმწიფოს მიმართ, რომ სახელმწიფო ამ პროცესში არ მოქმედებდა იმ სტანდარტის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ევროსაბჭო მოსამართლეებს ამტკიცებს.
”სახელმწიფოს გადასახედიდან არასახარბიელო ფაქტია და რაღაც ფორმით, სახელმწიფოს სირცხვილიც არის, რადგან სიმართლე გითხრათ, არ მახსენდება მსგავსი მაგალითი. არ მახსენდება პრეცედენტი, სადაც სტრასბურგში, წევრი ქვეყნისთვის ასე დემონსტრირებულად უპატივცემულობა გამოუხატავთ. ცხადია, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციაზე ვსაუბრობთ, სადაც სახელმწიფო კვოტით კანდიდატების წარგენა ხდება, ბუნებრივია, რაღაც დოზით ამას პოლიტიკური სარჩულიც აქვს, ეს არც სტრასბურგისთვს არის უცხო და არც სხვა წევრი ქვეყნისთვის, მაგრამ აქ როგორც ჩანს, იმდენად მძაფრად გამოიკვეთა ამ კანდიდატების პოლიტიკური ნიშანი და მათ შორის, თვითონ ის პროცესი, რომელიც აქამდე მიმდინარეობდა კანდიდატების შერჩევის და წარდგინების საკითხი, იქაც კი ხელი შეეკრათ საიმისოდ, რომ წევრი ქვეყნის მიმართ საკმარისი პატივისცემა გამოეხატათ და რომელიმე კანდიდატურა მაინც მიეღოთ. რეალურად, არ მახსენდება ქვეყანა, სადაც მართლმსაჯულების სისტემა მეტ–ნაკლებად გამართულად ფუნქციონირებს, არის ევროსაბჭოს წევრი და იქ კანდიდატებს ასე ღიად ბლოკავდნენ. ეს ნამდვილად განგაშის ნიშანია და იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან კარგად უნდა დაუკვირდეს როგორ გადაწყვეტილებებს იღებს, როდესაც საუბარია სასამართლო დამოუკიდებლობაზე და როდესაც კანდიდატების წარდგენას ცდილობს, რომლებიც თეორიულადაც კი ვერ ქმნიან იმ სურათს, რომ არიან მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები”,_ აცხადებს კალანდაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ევროსაბჭოში საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების ჩაგდებასთან დაკავშირებით, უმცირესობის წევრების მიერ გაკეთებულ შეფასებებს არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ ის, რაც სტრასბურგში მოხდა ხელისუფლების მარცხი არ არის.
”სტრასბურგის გადაწყვეტილება არის გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს სტრასბურგი. საქართველოს ხელისუფლება კანდიდატებს კიდევ ერთხელ წარადგენს ყველა შესაბამისი პროცედურის დაცვით”, _ აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გია ჟორჟოლიანმა.
”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სერგი კაპანაძე კი მიიჩნევს, რომ სტრასბურგის მიერ საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების ჩავარდნა ქვეყნის პრესტიჟისთვის ცუდია.
”სტრასბურგმა ქოცმთავრობის მიერ წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატების სია ჩააგდო. ანუ, ყველა ხვდება მთავრობის გარდა, რომ ევა გოცირიძის მოსამართლეობა სირცხვილია. ასევე ყველა ხვდება, რომ პროცედურების დაცვა და გამჭვირვალეობა მნიშვნელოვანია. მთავრობა კი ბოლო დღეები ჩვენს მეგობარ ქვეყნებს “ემათხოვრებოდა” გოცირიძეს მხარი დაუჭირეთო.
ცუდია ქვეყნის პრესტიჟისთვის, რომ სია ჩავარდა. ძალიან ცუდია. მაგრამ გაცილებით უარესი იქნებოდა ევა გოცირიძეს ამჯერად სტრასბურგში რომ ემტკიცებინა, რომ მაუწყებლისთვის სარედაქციო პოლიტიკის შეზღუდვა შესაძლებელია (”რუსთავი 2”-ის საქმეზე სწორედ ამას ამტკიცებდა).
ახლა საქართველოს თავიდან მოუწევს ყველა პროცედურის გავლა და, იმედია, ამჯერად გაცილებით ღირსეული კანდიდატი შეირჩევა”, _ წერს სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში”.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი ამბობს, რომ არასწორი და ცრუ ინფორმაციები გავრცელდა იმ პირების მხრიდან, ვინც პროცესის მონაწილეები არ არიან.
”კომიტეტმა ჩათვალა, რომ საჭირო იქნება ხელახლა გაიაროს პროცედურა მთავრობამ და იყოს წარმოდგენილი აპრილამდე, ვიდრე აპრილში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იქნება, მოესწროს ამ პროცედურების ხელახლა გავლა და ახალი კანდიდატების წარდგენა.
ძალიან ბევრი არასწორი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდება იმ პირების მხრიდან, ვინც არც მონაწილეა ამ პროცესის და არც პირველწყაროდან აქვს ინფორმაცია. კომიტეტი დახურულია და ინფორმაცია კონფიდენციალურია, იცავს ამ წესებს და განსაკუთრებით მათ, ვისაც დიპლომატიური წარსული აქვთ, უნდა იცოდნენ, რომ ასეთი არასწორი ინფორმაციების გავრცელება დახურული კომიტეტის შინაარსობრივ ნაწილზე არ შეიძლება. რეალობა არის ის, რომ კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ უკეთესი იქნება თუ პროცედურები იქნება გავლილი თავიდან”, _ განაცხადა ეკა ბესელიამ.
ჩემთვის ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა, რომ ჩვენ მოვხვდით იმ ქვეყანათა სიაში, რომლის მიერ მიწოდებული სია არ აკმაყოფილებდა ევროსაბჭოს სტანდარტებს, _ ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე სტრასბურგში საქართველოს მიერ წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურების ჩავარდას.
როგორც დოლიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, ეს ნიშნავს იმას, რომ შესარჩევი კონკურსი ნულიდან უნდა ჩატარდეს.
”ეს არის ჩემთვის ძალიან სამწუხარო ინფორმაცია, რომ ჩვენ მოვხვდით იმ ქვეყანათა სიაში, რომლის მიერ მიწოდებული სია არ აკმაყოფილებდა ევროსაბჭოს სტანდარტებს და მთლიანად იქნა სია უარყოფილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ის სტანდარტები, ეს არის გამჭვირვალობა, საჯაროობა, სამართლიანობა, არადისკრიმინაციულობა, არ იყო გათვალისწინებული ამ პროცესში. ეს არის სამწუხარო და ძალიან დასაფიქრებელი ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოგვიწევს დავხარჯოთ მეტი დრო, მეტი რესურსი, კონკრეტული პირების დრო იმისთვის, რომ ეს კონკურსი ნულიდან ჩავატაროთ. ამას აქვს თავისი რეპუტაციული ხარჯიც საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის. ჩვენ ჩვენი სამართლებრივი კულტურიდან, ჩვენი მეცნიერების დონიდან, ჩვენი სახელმწიფოს დონიდან გამომდინარე შეიძლება გვქონდეს და გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი პიროვნებები აღიარებული იყვნენ დიდი ენთუზიაზმით ევროსაბჭოს მიერ”, _ განაცხადა ანა დოლიძემ.
თავად ევა გოცირიძისთვის კი, რომელიც სტრასბურგის მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, გაუგებარია, თუ რატომ ჩავარდა მისი კანდიდატურა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
გოცირიძის თქმით, ის აკმაყოფილებდა ყველა სავალდებულო კრიტერიუმს და შეესაბამებოდა თანამდებობას.
მისივე ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ ერთადერთი გამოსავალი ხელახალი კონკურსის გამოცხადებაა, თუმცა ევა გოცირიძეს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას.
“პროცედურები ჩატარდა, გასაუბრებები ჩატარდა, სხვა კანდიდატურებთან მე ვერაფერს ვერ გეტყვით არაკორექტული იქნება ჩემი მხრიდან რამის თქმა. მე ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილებით და ცოდნით შევესაბამები ამ თანამდებობას.
“მოსალოდნელია რომ ხელახლა ჩატარდეს კონკურსი, რადგან სია არის უკან დაბრუნებული. სხვა გამოსავალი აღარ ჩანს, სხვა გზა არ ჩანს და ალბათ ასე იქნება,“, _ აცხადებს გოცირიძე.
უცნობია დანარჩენი ორი კანდიდატის პოზიცია, ისევე როგორც სტრასბურგში მყოფი მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასება. ისინი ჟურნალისტებთან ამ საკითხზე საუბარი ჯერჯერობით არს საუბრობენ.
ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია იუსტიციის მინისტრსაც. როგორც „გურია ნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, სავარაუდოდ, თეა წულუკიანი განცხადებას აღნიშნულ საკითხზე ნატო-ს ცენტრში დღეს, 14:00 საათისთვის გააკეთებს.
ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გიორგი ბადაშვილი, ევა გოცირიძე და ალექსანდრე ბარამიძე წარადგინა, თუმცა სამივე კანდიდატურა მიუღებელი აღმოჩნდა.