"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეს ყრილობას გამართავს. ”ნაციონალური მოძრაობის” მეშვიდე ყრილობა დღეს, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება. ყრილობის ძირითადი ნაწილი დაეთმობა პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას. ასევე მოხდება საორგანიზაციო კომისიის შეფასება, რომელსაც ცნობად მიიღებს ყრილობა. ყრილობაზე აირჩევენ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას, ორ თანათავმჯდომარეს (ნიკა მელია და ზაზა ბიბილაშვილი) და ასევე, სხვა მმართველობით თანამდებობების პირებს.
ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს მიხეილ სააკაშვილიც მიმართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა.
”ყრილობაზე იქნება ჩვენი 7 ათასი დელეგატი თბილისიდან და რეგიონებიდან. დელეგატების გარდა იქნებიან უცხოელი სტუმრები და ჩვენი მხარდამჭერები. რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური გამოსვლები, ასევე მიხეილ სააკაშვილის ჩართვა. დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პოლიტსაბჭოსა და მისი თანათავმჯდომარეების არჩევა, ასევე სხვა ტექნიკური საკითხები, მათ შორის სარევიზიო კომისიის დამტკიცება, რაც პარტიული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია”, _ განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.