პარლამენტთან, დაზარალებულმა მეანაბრეებმა შიმშილობა და საპროტესტო აქცია შეწყვიტეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საფინანსო კომპანია „საქართველოს" მენაბრეებმა დღეს, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან, მამუკა მდინარაძესთან, ფრაქციის მდივანთან, ნინო წილოსანთან და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გედევან ფოფხაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
მეანაბრეების მთავარი მოთხოვნა პარლამენტის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო, რომელსაც საფინანსო კომპანია „საქართველოს" საქმიანობა უნდა შეესწავლა, თუმცა, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, ამჟამად მათთვის პრიორიტეტული არა საგამოძიებო კომისიის შექმნა, არამედ ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებისა და შესაბამისი უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობაა. მეანაბრეების განცხადებით, ამის შესახებ დეპუტატებისგან მათ დაპირება მიიღეს.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფომ დამნაშავეების გამოსავლენად ყველაფერი უნდა გააკეთოს. მისივე თქმით, მეანაბრეებმა დეპუტატებისგან საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების პირობა მიიღეს.
„ჩვენთვის თითოეული ადამიანის ბედი ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ საგნობრივი საუბარი გვქონდა. მათ საკმაოდ მყარი არგუმენტი წარმოადგინეს. ბუნებრივია, ისინი დაზარალებულები არიან და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს დამნაშავეების გამოვლენის მიზნით, ბოლომდე ჩაყვეს ამ საქმეს და მაქსიმალურად შეეცადოს მათთვის ზიანის ანაზღაურებას და ჩვენ აღვუთქვით მათ, რომ საპარლამენტო კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერდება ამ მიმართულებით. ამ დღეების განმავლობაში მრავალი კონსულტაცია გვქონდა კონკრეტულ ადამიანებთან, საგამოძიებო ორგანოებთან, ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიურებთ ამ მოქმედებებს და ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, გამოძიება თავის სიტყვას იტყვის. გამოძიების თანმდევი შედეგი ზარალის ანაზღაურებაზე საუბარი უნდა იყოს. ვფიქრობ, მათი მხრიდან საპროტესტო ტალღის და შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება და ის, რომ მსგავსი მეთოდებით არ ისაუბრებენ, სწორია. ძალიან მიხარია, რომ მათ ჩვენი ნდობა აქვთ და ამ ნდობის ფარგლებში გავაგრძელებთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას და საუბარს",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ზემოაღნიშნულ საკითხში დეტალურად გასარკვევად, იურისტებთან კონსულტაციების გაგრძელებას გეგმავს.
„ბატონი გედევანი და ბატონი მამუკა დაგვპირდნენ ყოველკვირეულ შეხვედრებს, სადაც გაგვაცნობენ საქმის ვითარებას თუ რა ანგარიში ჩაიბარეს მათ საგამოძიებო ორგანოებიდან", _ განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ელისო ასათიანმა.