ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, 2017 წლის პირველი სხდომა თავმჯდომარის ახალი მოადგილის არჩევას დაუთმეს, სადაც ერთადერთ კანდიდატურად ნიგვზიანის მაჟორიტარი დეპუტატი ბესიკ ტაბიძე იყო წარმოდგენილი, რომელიც მანამდე ინფრასტრუქტურის კომისიას ხელმძღვანელობდა.
საკრებულოს თავმჯდომარის, გოგი ხელაძის განმარტებით, გელა კილაძემ, რომელიც აქამდე იკავებდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და ამიერიდან იგი რიგითი დეპუტატის რანგში გააგრძელებს საკრებულოში საქმიანობას.
გოგი ხელაძის შესავალი სიტყვის შემდეგ ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, რომან ბიწაძემ, რომელიც საკრებულოში შექმნილი ახალი უმრავლესობის „სამართლიანი გზის“ წევრია, მოკლე განმარტება გააკეთა: „ამ ბოლო დროს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, რომელიც უმცირესობაში დარჩა, ცდილობს, დაამკვიდროს საკრებულოს სხვა წევრების მიმართ შეურაცხყოფის მიყენების პრაქტიკა. ამის მაგალითი მრავალია, დაკონკრეტებისგან დღეს თავს შეგნებულად შევიკავებ. უკვე მერამდენე სესია ტარდება და დასახელებული ფრაქციის მხრიდან ამ ნეგატიურ ფაქტზე რეაგირება არ ყოფილა და არც იმათ მოუხდიათ ბოდიში, ვისაც ეხება ეს ამბავი.
ბატონო თავმჯდომარევ, ვადასტურებ, თქვენ მიმართ ჩვენს პატივისცემას, ასევე, პატივისცემას ბატონ ბესოს მიმართ, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ვადასტურებთ პატივისცემას საკუთარი თავის მიმართ და მიუხედავად ყველაფრისა, ვესწრები დღევანდელ სხდომას. მე ბოდიშს ვუხდი ჩვენს თანამოაზრეებს იმის გამო, რომ შევზღუდეთ მათი თავისუფალი ნება სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით, ბოდიშს ვუხდი ელისო ჭიჭინაძეს. დიახ, დღეს საკუთარ თავს უნდა ვაჯობოთ, რომ ხვალ სხვებს ვაჯობოთ“.
საქმე ისაა, რომ ახალმა უმრავლესობამ 2016 წლის საკრებულოს ბოლო სხდომაზე დაანონსა, რომ თუ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზოგიერთი წევრი ბოდიშს არ მოიხდიდა კოლეგების მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, ისინი სხდომებს აღარ დაესწრებოდნენ. როგორც გაირკვა, ჯერჯერობით, ლანჩხუთის საკრებულოში ბოდიში არავის მოუხდია, მაგრამ უმრავლესობამ „საკუთარ თავს აჯობა“ და დათმობის ფონზე საკრებულომ აბსოლუტური უმრავლესობით ბესიკ ტაბიძის კანდიდატურა დაამტკიცა.
საბოლოოდ, კილაძემ და ტაბიძემ დარბაზში ადგილები გაცვალეს, მანამდე კი კოლეგებს მადლობა გადაუხადეს: ერთმა გამოცხადებული ნდობისთვის, მეორემ _ განვლილი თანამშრომლობისთვის.