საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ოჯახის საკუთრებაში ბინა, ავტოფარეხი და ორი ავტომობილია.
ამის შესახებ კობახიძის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2016 წლის 30 დეკემბერს შეავსო.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი კობახიძე ფლობს, თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე 157.80 კვ.მ-ის ფართობის ბინას, ამავე მისამართზე არსებულ 20.00 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხს და მსუბუქ ავტომანქანა VW Tiguan-ს რომლის გამოშვების წელიც დეკლარაციაში მითითებული არ არის. ხოლო კობახიძის მეუღლე ნატალია მოწონელიძე ფლობს მსუბუქ ავტომანქანა Nissan Tiida-ს.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, გასულ წელს მათი შემოსავალი ჯამში 51056,39 ლარი იყო.
აქედან, ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარის პოსტისთვის 9305.89 ლარის ანაზღაურება აქვს მიღებული ხოლო თსუ ასოცირებული პროფესორის თანამდებობიდან 9760.00 ლარი. რაც შეეხება მისი მეუღლის, ნატალია მოწონელიძის შემოსავლებს, თსუ ასისტენტ-პროფესორის (იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი) თანამდებობიდან მას 26425.00 ლარის შემოსავალი მიუღია, ხოლო შსს აკადემიიდან, სადაც ის ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსია _ 5567.50 ლარი.
დეკლარაციის შევსების მომენტში კი, ირაკლი კობახიძეს თი–ბი–სი ბანკის ანაბარზე 30000.00 დოლარი ჰქონდა, ამავე ბანკის მეორე ანაბარზე კი 10 000 დოლარი; თი–ბი–სი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე ასევე 500.00 ევრო ერიცხებოდა; ხოლო სახელფასო ანგარიშზე 1842.10 ლარი ერიცხებოდა. გარდა ამისა, ნაღდი ფულის სახით მას 9500.00 ლარი ჰქონდა.
რაც შეეხება ნატალია მოწონელიძეს, მას რესპუბლიკა ბანკის სახელფასო ანგარიშზე 2857.26 ლარი; თი–ბი–სი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 3572.34 ლარი; ხოლო თი–ბი–სი ბანკის დეპოზიტზე 1000.00 ლარი ჰქონდა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს და ძვირადღირებულ ნივთებს, გასული წლის განმავლობაში მათ არც ფასიანი საჩუქრები მიუღიათ.