რუსეთი პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ტექნიკის წინასწარ განლაგებას ეროვნული უსაფრთხოებისთვის შექმნილ საფრთხეს და აგრესიულ ნაბიჯს უწოდებს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი თვის ბოლოს პოლონეთში წლის ყველაზე დიდ სამხედრო წრთვნის ჩატარებას გეგმავს, რომელშიც 4 000 ამერიკელი სამხედრო მონაწილეობს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ობამას ადმინისტრაცია ორმხრივი ურთიერთობების გართულებას ცდილობს.
„ეს ქმედებები რუსეთის საზღვრების სიახლოვეს პროვოკაციული სამხედრო საქმიანობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. ევროპაში მძიმე სამხედრო ტექნიკის ნაადრევი განლაგებით ობამას ადმინისტრაცია ცდილობს ორმხრივი ურთიერთობები მაქსიმალურად გაართულოს“,_აცხადებს ზახაროვა.
როგორც ცნობილია, ჰოლანდია ხელს უწყობს 100-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალების პოლონეთში რკინიგზის ხაზით შესვლას, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ზღვით წამოსული ჯავშანტექნიკა უკვე პოლონეთშია.
მაუწყებლის ინფორმაციით, ნატო ამტკიცებს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დაგეგმილი სამხედრო განლაგება თავდაცვითი ხასიათისაა.