ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით გრძნეულ მარანთან….
შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა...
ანა კალანდაძე
დღეს კალანდაა _ როგორც ჩვენში იტყვიან ნამდვილი ახალი წელი!
იგი წმინდა ბასილი დიდის, ხსენების დღეს ემთხვევა. კალანდის მთავარი ატრიბუტია ჩიჩილაკი, რომელსაც მსხვილი თხილის ჯოხისგან ამზადებენ. ჩიჩლაკი სიცოცხლის ხის ნაირსახეობაა. მას ახალი წლის წინა დღეს თხილის ან იმერული ხეჭრელის ტოტებისაგან ამზადებდნენ და კურკანტელით, მარადმწვანე სუროთი, რიტუალური პურით, ფერადი ბაფთებითა და ხილით რთავდნენ. ჩიჩილაკი ნაყოფიერებისა და ბარაქიანობის მომნიჭებლად ითვლებოდა.
ჩიჩილაკს წყალკურთხევამდე ინახავდნენ, შემდეგ კი წვავდნენ ან წყალს ატანდნენ.
ძველად, კალანდის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე მთელი ოჯახი ფეხზე დგებოდა. მამაკაცები ღორის თავს, საახალწლო კვერს, საახალწლო სანოვაგით დატვირთულ გობს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს აიღებდნენ და მარნისკენ გაეშურებოდნენ. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი გობს ხმაამოუღებლად დადგამდა მიწაზე, ჩაფს ღვინით გაავსებდა და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებას დაჩოქილი შესთხოვდა.
შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს აიღებდა და წმინდა ბასილს შეეხვეწებოდა, რომ ამ კაკალივით აევსო ოჯახი ყოველივე სიკეთით. კაკალს გატეხდნენ და, თუ ცარიელი აღმოჩნდებოდა, რაც, გურულების რწმენით, უბედურების მომასწავებელი იყო, მეკვლე ხელმეორედ ეხვეწებოდა წმინდანს, რომ ოჯახი ცარიელი კაკლისთვის არ დაემსგავსებინა. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართებოდა.
მეკვლე კარებზე სამჯერ დააკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით: „კარი გამიღე!“
სახლიდან სამჯერ უპასუხებდნენ: „რა მოგაქვს?“.
მეკვლე პასუხად ჩამოუთვლიდა: „მშვიდობა, ღვთის წყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური, ტკბილეული…" შემდეგ მას კარებს უღებდნენ და იწყებოდა საახალწლო მილოცვები.
გურული საახალწლო სუფრის აუციელებლი ელემენტია საცივი და გურული ხაჭაპური (ღვიძელი). ესაა ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური მოხარშული კვერცხით. ხაჭაპურში ჩატანებული კვერცხი ხვავის, ბარაქის, ოჯახის სიმტკიცისა და გაუტეხელობის სიმბოლო იყო. გურული ღვეძელი იყო გათხოვილი ქალის მოკითხვისას მშობლების ძღვენის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. ნახევარმთვარის ფორმა ძველი გურულების რწმენით ძლიერების სიმბოლო იყო.
გურია ნიუსი გილოცავთ კალანდას!