რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ წაუყენეს. გამოძიება გაჩეჩილაძეს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის დარღვევაში ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს.
ბრალის წაყენების შემდეგ რატი გაჩეჩილაძის ადვოკატმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გაჩეჩილაძე აღიარებს წარდგენილ ბრალს და ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე დეტალურად ისაუბრა.
”ბრალდებულს ბრალი უკვე წაუყენეს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. რატი გაჩეჩილაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული და დეტალურად მისცა ჩვენება გამოძიებას და აღწერა ყველა ის ნიუანსი, რომელიც იმ დროს მოხდა".
ლილი გელაშვილის თქმით, გაჩეჩილაძისა და ინციდენტის ადგილზე მყოფი პირების ჩვენებებიდან გამომდინარე, საქმეში სხვა პირების ბრალეულობა არ იკვეთება.
"საქმეში სხვა პირი არ ფიგურირებს და არ იკვეთება ბრალეულობა სხვა პირების, იმიტომ რომ არც ერთი არ მონაწილეობდა. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში არსებული ჩვენებები, რომელიც მისცეს სუფრის წევრებმა”.
ლილი გელაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი ჩაინიშნება მას შემდეგ, რაც გამოძიება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე შუამდგომლობით შევა სასამართლოში.