საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. დირექტორობის ერთ-ერი კანდიდატის, ნინო ზაუტაშვილის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პერსონალის შემადგენლობა უნდა გადაიხედოს.
ზაუტაშვილის თქმით, მისთვის ეს საკითხი იქნება ყველაზე დიდი დილემა იმ შემთხვევაში, თუ გენერალური დირექტორობის პასუხისმგებლობა „თავს დაატყდება“.
„მინდა გითხრათ, რომ ეს უნდა გაკეთდეს, ოღონდ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი – როგორ? უნდა გადაიხედოს მთელი staff-ი, ადამიანები, რომლებიც დღეს მუშაობენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. თუ ადამიანი სამსახურში საერთოდ არ დადის, თუ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არის ნულის ტოლი, შენ იმ ადამიანს აძლევ შანსს, გამოავლინოს თავისი შემოქმედებითი უნარები, თუ ეს შემოქმედებითი უნარები ვერ გამოვლინდა და თუ ეს ადამიანი მხოლოდ იმისთვის არის გაფორმებული, რომ ხელფასი აიღოს, ასეთი რამ შეურაცხმყოფელია იმ დანარჩენი ადამიანებისთვის, რომლებიც ძალიან კარგ საქმეებს აკეთებენ ამ არხზე და ქმნიან პროდუქციას. განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვინც კაპიკებზე მუშაობს მაგალითად რადიოში“, _ განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრისას.