იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სათავო ოფისის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისათვის გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი დასრულდა. ტენდერში, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე 2016 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა, მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო. მონაწილეებიდან, ყველაზე დაბალი ფასით შპს “საბა კონსტრაქშენმა” გაიმარჯვა (4`980`000 ლარი), რომლის შემოთავაზებული ფასი და წინადადება სრულად შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს. გამარჯვებულ კომპანიასთან სააგენტომ ხელშეკრულება 2 მარტს გააფორმა. კომპანია სამუშაოების შესრულებას 3 მარტიდან შეუდგა. საჯარო რეესტრის ახალი ოფისი დიდი ხეივნის N3 -ში (იუსტიციის სამინისტროს მომიჯნავედ) განთავსდება. საერთო სამშენებლო ფართობი 18045 კვ.მეტრს შეადგენს. შენობის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყობა და გამწვანდება. ამჟამად საჯარო რეესტრის ცენტრალური აპარატის თანაშრომლები სამსახურებრივ ფუნქცია-მოვალეობებს 3 ლოკაციაზე: აღმაშენებლის გამზირი N89/24 , წმ. ნიკოლოზის N2 და თბილისის იუსტიციის სახლში ასრულებენ. ახალ შენობაში საჯარო რეესტრის გარდა, იუსტიციის სამინისტროს სსიპ “სმარტ ლოჯიქის” ოფისიც განთავსდება. თანამშრომლების ერთ ოფისში განთავსება მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს, დაზოგავს დროს და გაზრდის შესრულებული სამუშაოს ხარისხს. სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის დეკემბერში დასრულდება. (R)
Developed By Web Features 2024 © All rights reserved