საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ხელმოწერის გადაწყვეტილების მიღებამდე საპარლამენტო ფრაქციებს კონსულტაციებს სთავაზობს. ამასთან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააკეთა:
„საქართველოს პრეზიდენტთან ხელმოსაწერად შემოვიდა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი. ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები ამ კანონთან დაკავშირებით. პირველი – თუ რამდენად შეესაბამება ახლად შესაქმნელი სააგენტოს სტრუქტურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მეორე – რამდენად გამართლებულია ის ტვირთი, რომელსაც კანონი აკისრებს კერძო ბიზნესს და კომპანიებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთავაზობთ კონსულტაციებს ყველა საპარლამენტო ფრაქციას იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ იმ სიახლეებზე, რომელსაც ეს კანონი გვთავაზობს და იმ საკითხებსა და კითხვებზე, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია ამ კანონთან დაკავშირებით”, _ განაცხადა ანა დოლიძემ.