ღუდუშაურის კლინიკაში ქართულ სამედიცინო ისტორიაში უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, კლინიკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
კერძოდ, ღუდუშაურის კლინიკის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებას 34 კვირის ორსულმა პაციენტმა გულმკერდის არეში ტკივილისა და ქოშინის ჩივილით მიმართა.
„ჩვენი კლინიკის რეანიმატოლოგთა გუნდის მიერ უმოკლეს დროში ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა და დაისვა ზუსტი დიაგნოზი!პაციენტს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა აღმავალი აორტის და აორტის სარქველის პროტეზირება, თუმცა მანამდე ფეხმძიმობა საკეისრო კვეთით უნდა დასრულებულიყო” – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ღუდუშაურის“ და კლინიკა „ჰელსიკორის“ სპეციალისტთა გუნდის მიერ დაისახა სამოქმედო სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ოპერაცია ჯერ „ღუდუშაურის“ მეან-გინეკოლოგებს ხოლო შემდეგ კი „ჰელსიკორის“ კარდიოქირურგებს უნდა ჩაეტარებინათ. ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნებლობა ჰქონდა.
“პაციენტი ჩვენი კლინიკის მეან-გინეკოლოთა და ნეონატოლოგთა გუნდის თანხლებით დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა „ქართულ-ებრაულ კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში“.
„ღუდუშაურის“ კლინიკის მეან-გინეკოლოგებმა ოპერატიულად და წარმატებით დაასრულეს საკეისრო კვეთის ოპერაცია,უმოკლეს დროში მოხდა ბავშვის უვნებლად ამოყვანა, რის შემდეგაც საქმეში „ჰელსიკორის“ კარდიოქირურგები ჩაერთნენ. პაციენტს ურთულესი კარდიოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც 11 საათს გრძელდებოდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც ღუდუშაურის კლინიკაში განმარტავენ, ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ეს ყველაფერი კი, ორი კლინიკის შეთანხმებული, გუნდური მუშაობის შედეგია.