დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დეკანოზის ადვოკატები მისთვის გირაოს სახით 20 000 ლარის შეფარდებას ითხოვდნენ.
ადვოკატის განცხადებით, გამოვლინდა ახალი გარემოება, რის გამოც დეკანოზმა საპატიმრო დაწესებულება უნდა დატოვოს. კერძოდ, მას დაუდგინდა გულის დაავადება, რომელიც საქართველოში არ იკურნება. ბრალდების მხარე კი დეკანოზისთვის პატიმრობის გაგრძელებას ითხოვდა.
აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო პროცესი 17:00 საათზე დაიწყო. პროცესი ნაწილობრივ დაიხურა და პროკურატურის შუამდგომლობის განხილვა დახურულ რეჟიმში მოხდა. სხდომის დახურვა ბრალდებამ მოითხოვა და ეს საიდუმლო მასალების გაჟღერებით ახსნა. დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ასეთივე პოზიცია დააფიქსირა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ. მან განაცხადა, რომ სურს, სხდომა ღია და საჯარო იყოს.
მთავარმა პროკურატურამ დეკანოზის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებათა ნაწილი 8 მარტს გასაჯაროვა.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა, რა დროსაც მოქალაქემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.