3 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს 23 წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა უნგრეთში. ტურნირის მეორე დღეს შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული არავის დაუთმო მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა. მან ფინალურ შეხვედრაში ბელარუსი ვიტალი პიასნიაკი 2:24 წუთში სუფთად დაამარცხა (10-0).
ბრინჯაოს მედლები კი მირზა სულუხიამ (70) და შოთა ფარტენაძემ (61) მოიპოვეს.
შეჯიბრების პირველ დღეს, 4 წონით კატეგორიიდან, ზურაბ ჭიღლაძის ხელმძღვანელობით, ნაკრებმა 3 მედალი _ 2 ოქრო და 1 ბრინჯაო მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები ავთანდილ კენჭაძე (74) და გივი მაჭარაშვილი (97) გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი ივერიკო ჯულაყიძე (65) დაეუფლა.