ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჭადრაკის დარბაზში, 28-31 მარტს, სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით, გაიმართა ჩემპიონატი ჭადრაკში 18 წლის ზედა ასაკის ადგილობრივი მოჭადრაკეების მონაწილეობით.
პროფესიონალი მოჭადრაკეები და ჭადრაკის მოყვარული სპორტსმენები ცალ-ცალკე ასპარეზობდნენ.
ჩემპიონატში მონაწილეობდნენ: ბუკისციხის, ერკეთის, ჯვარცხმის, დაბის, ბასილეთის, ხევის, შუა ამაღლების, საჭამიასერის, გამგეობის, საკრებულოს, ამაღლების წარმომადგენლები. შეჯიბრების მთავარი მსაჯი გახლდათ ნუგზარ მგელაძე.
2017 წლის საჭადრაკო ჩემპიონატში პირველი ადგილი (პროფესიონალ მოჭადრაკეთა შორის) მოიპოვა გივი ქორიძემ, მეორე ადგილი კარლო ცხომელიძემ, ხოლო მესამე ადგილზე გავიდნენ ვალერი ყაჭეიშვილი და ზურაბ კობიძე.
მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის პირველ ადგილზე გავიდა ზურაბ ცინცაძე, მეორეზე თენგიზ კოპლატაძე, მესამეზე ჯემალ ანთიძე.
ჩემპიონატში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ქართველი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებებით.