ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ აღმასრულებელი ორგანოს მიერ 2016 წელში გაწეული მუშაობის ანგარიში ჩააბარა. როგორც გაირკვა გამგებელის მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები მხოლოდ ოპოზიციას ჰქონდა. უმრავლესობის დეპუტატებს გამგებლისთვის კითხვები არ დაუსვამთ. გამონაკლისი მხოლოდ სოფელ სურების მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ სოროზანიშვილი იყო, რომელიც დაინტერესდა, როდის მოგვარდება დაბის ქუჩების საგზაო ნიშნების პრობლემა.
აღსანიშნავია, რომ კუჭავასთან შეკითხვები არ ჰქონიათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსაც. დღევანდელ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები და ყოფილი „რესპუბლიკელები“ აქტიურობით გამოირჩეოდნენ.
უნდა ითქვას ისიც, რომ ირაკლი კუჭავასთვის საკრებულოს სხდომაზე კითხვები არცერთი კომისიის თავმჯდომარეს არ დაუსვამს. არადა, გამგებელმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო როგორც ფინანსებზე, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბარს.
ამ ყველაფერზე კი, ოპოზიციას საკმაოდ ბევრი შეკითხვა ჰქონდა; მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ წინა წლის ბიუჯეტიდან 81 000 ვალი წლევანდელ ბიუჯეტს გადმოყვა, რომელსაც წელს, გამგებლის განმარტებით, დამატებით მიღებული შემოსავლებიდან ისტუმრებენ.