კომპანია „ნაბეღლავმა“ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე ინტერნეტგამოცემა funtime.ge–ს სტატია გააზიარა, რომელში დართულ ფოტოზეც ლანჩხუთი–ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანია ასახული, ხოლო მის წინ, მაგიდაზე „ნაბეღლავის“ ბოთლი ჩანს.
„უნებლიე რეკლამას“ გლობალური სოციალური ქსელის ფეისბუქის მომხმარებლების აღფრთოვანებული გამოხმაურებები მოჰყვა…
„ნაბეღლავის საუკეთესო რეკლამა გურული დეპუტატისგან“;
„სითბო და გულწრფელობა…“;
„ლანჩხუთი-ჩოხატაურის ლედი…“.
„ღმერთო, ასეთი ახალგაზრდები ამრავლე საქართველოში. არ მიყვარს პირფერობა, არც დამჭირვებია ცხოვრებაში. ოთარაანთ ქვრივივით იშვიათად ვიყენებ ტკბილ სიტყვებს, მაგრამ ვერ მოვითმინე, სურათს რომ შევხედე“ + ასეთი კომენტარებით ეხმაურებოდნენ ფეისბუქმომხმარებლები დეპუტატის ფოტოკადრს.
„მე ყოველთვის მოხარული ვიქნები, თუკი ჩემი საყვარელი გურიის ბუნების სიმდიდრეებს, ნებსით თუ უნებლიეთ, პოპულარობას მოვუტან. ასეთია ნაბეღლავიც, „წყალი მარგებელი“, ამავე სახელობის ულამაზესი სოფლიდან, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუბაზეულის მარჯვნივ მდებარეობს“, – წერს პასუხად დეპუტატი. (R)