დღეს, ფეხბურთის თაყვანისმცემელთა მთავარი ყურადღება ესპანეთის დედაქალაქ მადრიდისკენ იქნება მიმართული. ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „რეალი“ თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.
საინტერესოა, რომ ეს გუნდები ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე უკვე მეოთხედ უპირისპირდებიან ერთმანეთს. 2014 წლის დრამატულ ფინალში „რეალმა“ მეტოქის დამარცხება შეძლო. 2015 წელს ძველი მეტოქეები ერთმანეთს მეოთხედფინალში გადაეყარნენ და „სამეფო გუნდმა“ თანაქალაქელის მეორედ გამწარება მოახერხა. გასულ წელს ისევ მადრიდული ფინალი ვიხილეთ და „ატლეტიკო“ კვლავ დამარცხდა.
დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი გარკვეული დანაკლისებით ხვდება. ზინედინ ზიდანის ბიჭებს გარეთ ბეილი და პეპე არ ეყოლებათ, დიეგო სიმეონე კი აუგუსტო ფერნანდესს, ხოსე ხიმენესსა და ხუან ფრანს მოისაკლისებს.
გუშინ ცნობილი გახდა რომ მომავალ სეზონს ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ ახალი მთავარი მწვრთნელით შეხვდება. ესპანელმა სპეციალისტმა უნაი ემერმა სეზონი ჩააგდო და პარიზული გუნდის სამზარეულოდან გამოსული ბოლო ცნობით მას თანამდებობის დატოვება მოუწევს. ემერი უმუშევარი მაინც არ დარჩება, რადგან მას იტალიურ „რომას“ უწინასწარმეტყველებენ. „რომა“ თავის მხრივ სამსახურიდან ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის უშვებს. რაც შეეხება „პარი სენ-ჟერმენს“, მისი არაბი პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ახალი მწვრთნელის მოძიებას უკვე შეუდგა.
ალბათ დროა, ქართულ ფეხბურთზეც გადავიდეთ. გუშინ იტალიურ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული გუნდისა და კლუბი „ემპოლის“ თავდამსხმელ ლევან მჭედლიძეს თავს დაესხნენ. მიმდინარე სეზონში „ემპოლი“ წარუმატებლად ასპარეზობს. მართალია ქვედა დივიზიონში დაქვეითება ჯერჯერობით არ ემუქრება, მაგრამ თამაშებს მიჯრით აგებს და საკუთარი გულშემატკივრის დიდ უკმაყოფილებას იწვევს.
ერთი კვირის წინ, „ემპოლის“ ერთგვარი „გამონათება“ ჰქონდა და „მილანი“ სტუმრად დაამარცხა. ამ თამაშში თავი ლევან მჭედლიძემაც გამოიჩინა, რომელმაც სახელოვანი მეტოქის კარი ერთხელ დალაშქრა. სამწუხაროდ, მალე ტრავმა მიიღო და მოედნიდან გასვლა მოუწია.
„ემპოლი“ კვირას ლევან მჭედლიძის გარეშე „სასუოლოს“ მასპინძლობდა და „მორიგი მარცხი“ იწვნია. შეხვედრის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებმა „ემპოლის“ ნამდვილი ობსტრუქცია მოუწყვეს. ამ ინციდენტში გარეული ქართველი ფეხბურთელიც აღმოჩნდა. განრისხებულმა ტიფოზებმა მის მანქანას ალყა შემოარტყეს და მასზე ლამის ფიზიკურადაც კი გაიწიეს. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ლევან მჭედლიძემ ტერიტორია პოლიციის თანხლებით დატოვა და დიდ ხიფათსაც გადაურჩა.
გუშინდელი დღის კიდევ ერთი მთავარი თემა საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ ვიცე-პრეზიდენტად ახლო წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ზაზა ჯანაშიას დანიშვნა აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი წევრი ბოლო წლების განმავლობაში ისტორიულ სამშობლოში მოღვაწეობს. ჯანაშია საქართველოში სამი წლის წინ დაბრუნდა და თბილისის „დინამოს“ ვიტალი დარასელიას სახელობის ბავშვთა აკადემიაში მწვრთნელად დაიწყო მუშაობა.
იმედია, ზაზა ჯანაშიას ხელში, ბოლო წლებში უკან-უკან მიმავალი „ზუგდიდის“ საქმეები გამოსწორდება და გუნდი მთელი სიძლიერით ათამაშდება.
მიმდინარე სეზონის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ საქართველოს ნაკრებისა და ჰოლანდიური „ვიტესის“ წევრი გურამ კაშია კლუბის გამოცვლას აპირებდა. კულუარული ცნობებით, ფეხბურთელს ინგლისის პრემიერ ლიგაშიც ეპატიჟებოდნენ. ორიოდე დღის წინ „ვიტესმა“ ჰოლანდიის თასი მოიგო. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გურამ კაშიამ ოფიციალურად განაცხადა რომ ამჟამინდელი გუნდიდან არსად წასვლას აღარ აპირებს.
დღეს, გვიან ღამით აშშ-ის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფის მეოთხედფინალური ეტაპის ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება. სერიის პირველ მატჩში ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტი“ „იუტას“ უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით დილის შვიდის ნახევარზე დაიწყება. მის პერიპეტიებზე უკვე ხვალინდელ წერილში ვისაუბრებთ.