საქართველოს თავდაცვის სამინისტროს “გურია ნიუსში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ლელა ჩიქოვანის შრომითი ანაზღაურების საკითხს განმარტავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალებით, 2017 წლის 1 მაისს გავრცელებული ინფორმაცია, მოგახსენებთ, რომ ინფორმაციაში, რომელიც სააგენტომ გაავრცელა, საუბარია ლელა ჩიქოვანის ოთხი თვის ანაზღაურებაზე, თუმცა, რეალურად, დასახელებული მთლიანი თანხა ხუთი თვის შრომის ანაზღაურებაა – 2016 წლის 2 აგვისტოდან – 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ასევე აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროში 2016 წლის აგვისტოდან, მინისტრისა და მისი მოადგილეების, ასევე გენერალურ შტაბსა და სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მრჩეველთა შტატების გაუქმებისა და თანაშემწეების შტატების შემცირების შედეგად, მთლიანობაში, წლიურად, მილიონ ლარამდე თანხა დაიზოგა.
შესაბამისად, დაზოგილი თანხა, ერთი მხრივ, გენერალური შტაბის სამეთაურო რგოლზე გადანაწილდა (300-მდე სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც სამეთაურო დანამატი დაენიშნათ), მეორე მხრივ, ფუნქციონალური დატვირთვის ადეკვატურად, უწყების სხვადასხვა თანამდებობის პირზე, რაც მათ შრომის ანაზღაურებაზე აისახა“, _ აღნიშნულია განცხადებაში.
„გურია ნიუსი“ განმარტავს, რომ მინისტრის მოადგილის შრომის ანაზრაურებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ეყრდნობა ლელა ჩიქოვანის ქონებრივ დეკლარაციას, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, თავდაცვის სამინისტროდან მივიღეთ განმარტება, რომ ლელა ჩიქოვანმა უწყებაში მუშაობა 2016 წლის 2 აგვისტოს დაიწყო, შრომის ანაღაურება კი ამავე თვის ბოლოს მიიღო. აქედან გამომდინარე 46549,11 ლარი არის არა 4 თვეში მიღებული შემოსავალი, არამედ 5 თვის ანაზღაურება, რაც საშუალოდ თვეებზე გადანაწილებით 9309,82 ლარია. ამასთან დაკავშირებით, გამოქვეყნებულ მასალაშივე მოხდა დაზუსტება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ უწყების მიერ გამოქვეყნებული განცხადება „გურია ნიუსს“ არ მიუღია. ამის შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალებაში ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ შევიტყვეთ.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია არ ემსახურება რომელიმე თანამდებობის პირის, ან უწყების დისკრედიტაციას; მასალა ემყარება ოფიციალურ დოკუმენტს, ქონებრივ დეკლარაციას, რომლის შევსების ვალდებულებაც საჯარო მოხელეებს კანონით აქვთ.