ფოტოგრაფების საქმეზე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას დაკითხავენ. ამის შესახებ ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ სასამართლოში დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
აბდალაძის თქმით, მას ახალი ადვოკატის მირდატ ქამადაძის აყვანას აიძულებდნენ.
“დამავალეს, რომ “ძმაკაცურად” უნდა დამერეკა ამადაძესთან და მეთხოვა, რომ ჩემი ადვოკატი ყოფილიყო. მითხრეს, რომ სასამართლოში ის წამიყვანდა და საპროცესოთი გამოსვლაშიც დამეხმარებოდა”, – ამბობს აბდალაძე და განმარტავს, რომ როდესაც ეკა ბესელიამ გაიგო, რომ ის საპროცესოზე თანახმა იყო, იგი გააფრთხილა.
“ეკას ვუთხარი, რომ სხვა გზა არ მაქვს, თვალწინ პატიმრების გაუპატიურებით მემუქრებიან და საპროცესოს უნდა დავთანხმდე-თქო. ეკამ კი მითხრა, რომ ისინი სანდოები არ იყვნენ და არ უნდა დავთანხმებულიყავი. ეკა ბესელიამ მაშინ დადო დასკვნა, რომ არ ეთანხმებოდა ჩემ ჩვენებას და ჩემ აღიარებას. ეს დასკვნა ახალ გამოძიებას მნიშვნელოვნად გამოადგა”, – ამბობს აბდალაძე.
აბდალაძემ დაკითხვისას საქმეში მონაწილე ამ დრომდე უცნობი გვარები დაასახელა. ერთ-ერთი ასეთია ვიქტორ ყაჭეიშვილი, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელია. აბდალაძის განცხადებით, სწორედ ყაჭეიშვილის მხრიდან იყო მუქარა გაუპატიურების შესახებ.
ფოტოგრაფების საქმეზე უკვე დაკითხეს ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2011 წლის 7 ივლისს ფოტოგრაფები დააკავა, მათ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. დაკავებული იყვნენ ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, ყოფილი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ფოტოგრაფი გია აბდალაძე.
პროკურატურამ ე.წ ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით ფოტოგრაფები: გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.
კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი, უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. საქმეზე ასევე ბრალდებულია ალექსანდრე მუხაძე, რომელიც იძებნება.