გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი 47-ე დღეა შიმშილობს.
როგორც „გურია ნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა აცნობა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროტესტის ამ ფორმას მის მიმართ წაყენებული ბრალის გამო არ წყვეტს. ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის ინფორმაციით, ბრალდებულ აკაკი ზანგურაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
„აკაკი ზანგურაშვილი უკვე 47-ე დღეა შიმშილობს, არის უმძიმეს მდგომარეობაში. მრავალი თხოვნის მიუხედავად, ის არ წყვეტს შიმშილობას და ამით აპროტესტებს მისი, როგორც უდანაშაულო ადამიანის მიმართ ბრალის წაყენებას“, _ აცხადებს ადვოკატი.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში „გურია ნიუსს“ უთხრეს, რომ მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ის პენიტენიური დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მისთვის ხელმისაწვდომია კანონით გათვალისწინებული ყველა სერვისი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულ ა.ზ-ს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციასთან პრეტენზიები არ აქვს და პროტესტის აღნიშნული ფორმა მის სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება“, _ უთხრეს „გურია ნიუსს“ უწყების პრესსამსახურში.
ცნობისთვის, საქმე ეხება 2016 წლის 10 ნოემბერს ქალაქ რუსთავში, მე-11 მიკრო რაიონის მიმდებარე ტეროტორიაზე მომხდარ 21 წლის ახალგაზრდის, გიორგი ძაბახიძის მკვლელობას.
გავრცელებული ინფორმაციით, მე-11 მკ/რნ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხიდის სიახლოვეს, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, აკაკი ზანგურაშვილმა და მ.ყ-მ, ბლაგვი საგნების გამოყენებით, ჯგუფურად, განზრახ მოკლეს გიორგი ძაბახიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობიდან მეორე დღეს, 11 ნოემბერს შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ა.ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
„ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მდინარე მტკვარში მეთევზემ ცხედარი შენიშნა. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე დაიწყო გამოძიება და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიების მიმდინარეობისას, პოლიციამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობის ფაქტს. კერძოდ, 1987 წელს დაბადებულმა ა.ზ.-მ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ გ.ძ.-ს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგი მდინარე მტკვარში ჩააგდო და მიიმალა.
სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი მომხდარიდან მეორე დღეს, რუსთავში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ს 108-ე მუხლით)“, _ აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
თუმცა, ბრალდებულ აკაკი ზანგურაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდება ეფუძნება ერთი დაინტერესებული მოწმის ჩვენებას და საქმეში არ არსებობს არანაირი სხვა მტკიცებულება, რომელიც აკაკი ზანგურაშვილის მიერ ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენას ადასტურებს.
„ამ მოწმის ჩვენება არის წინააღმდეგობრივი და არასარწმუნო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის აბსოლუტურად უდანაშაულო. აკაკი ზანგურაშვილი უკვე 47-ე დღეა შიმშილობს, არის უმძიმეს მდგომარეობაში. მრავალი თხოვნის მიუხედავად, ის არ წყვეტს შიმშილობას და ამით აპროტესტებს მისი, როგორც უდანაშაულო ადამიანის მიმართ ბრალის წაყენებას. მას არანაირი შემხებლობა გიორგი ძაბახიძის მკვლელობასთან არ ჰქონია. დაცვის მხარე აუცილებლად დავამტკიცებთ, რომ აკაკი ზანგურაშვილი არის უდანაშაულო. ახლა ჩვენი მიზანია, რომ როგორმე მან შეწყვიტოს შიმშილობა. აკაკი ზანგურაშვილი არის პროკურატურის მიერ არასწორად, არასრულყოფილად, მიკერძოებულად გამოძიებული საქმის მსხვერპლი. ის აუცილებლად გამართლდება“, _ აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 19 მაისს არის ჩანიშნული.