8 მაისს, გურიაში, მდინარე ბჟუჟზე დაშვებისას, ექსტრემალური სპორტისმოყვარულთა ნავიდან ერთი მამაკაცი გადავარდა და დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი რუსი ეროვნებისაა და ტურისტული ჯგუფში მეუღლესთან ერთად იყო.
მდინარეზე დაშვებისას ისინი სრულყოფილად არ იყვნენ აღჭურვილი სპეციალური სამოსით. ამასთანავე მდინარე იყო ადიდებული, მთაში თოვლი დნება და ასეთ დროს უხვად მოდის ლანქერი. ამიტომ უდიდესი სიფრთხილე და ოსტატობაა საჭირო, რომ სპორტული მარათონი ტრაგიკულად არ დასრულდეს.
ადგილობრივები წინა დღეებში მდინარე ბჟუჟზე გამართულ კაიაკინგის პირველ საერთაშორისო ჩემპიონატზე საუბრობენ, სადაც სპორტსმენები განსაკუთრებული სპეციფიკური სამოსით იყვნენ უზრუნველყოფილი.
_საყურადღებოა კიდევ ერთი რამ_ ისეთ მდინარეზე დაშვების მსურველმა, როგორიც ბჟუჟია, (მოკლე მონაკვეთში გააჩნია ყველანაირი სირთულის კიდევ უფრო მოკლე მონაკვეთები), ამობრუნების შემთხვევაში, ძალიან სწრაფად უნდა შეძლოს, გასწორდეს და პოზიცია აღიდგინოს! სამწუხაროდ, ეს ტრაგიკული შემთხვევა გამაფრთხილებელი სიგნალია!_ ამბობენ ადგილობრივები.
როგორც „გურია ნიუსთან“ საგანგებო სიტუაციების გურიის განყოფილების უფროსის მოადგილე ჯანო ჩიტაიშვილი ამბობს, ტრაგედიის ადგილზე შეტყობისთანავე მივიდნენ.
_ჩვენ შევასრულეთ ჩვენი მოვალეობა. ცხედარი ამოვიყვანეთ, რომელიც შემდეგ ბათუმში გადაასვენეს ექსპერტიზის ჩასატარებლად. მეტს ვერაფერს გეტყვით, _ამბობს ჩიტაიშვილი.
შემთხვევის ადგილზე ასევე იყვნენ გურიის ხელისუფლების წარმომადგენლები. გურიის გუბერნატორის მოადგილე გია ებრალიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა გაუფრთხილებლობით მოხდა.
„ძალიან ცუდია, რომ ასეთი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს მხარეში. მე მივედი ადგილზე, სოფელ გომში, (შემოქმედის თემი), სადაც დაღუპული მამაკაცის მეუღლეს და ასევე მის მეგობრებს მივუსამძიმრე გურიის გუბერნიის სახელით. თავის მხრივ ამ გოგონამ მითხრა, რომ საქართველოში ჩამოვიდა მეუღლესთან და მეგობრების ჯგუფთან ერთად, არიან ექსტრემალური სპორტის მოყვარულები. ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ეს უბედურება ჩვენი მიზეზით-გაუფრთხილებლობით მოხდა. გარკვეულ მომენტში წონასწორობა ვერ დაიცვა და ნავიდან გადავარდაო… დასანანია და ძალიან სამწუხარო, რომ 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა დაიღუპა“, _ გვითხრა გია ებრალიძემ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან „გურია ნიუსს“ აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
ამჟამად გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ბათუმში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.