დღეს, ჩოხატაურში, მედიასახლ “გურია ნიუსის” და გურიის ახალგაზრდული გაზეთის “21-ს ქვევით” მოწვევით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცეპრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი ახლაგაზრდა ფეხბურთელებს და ფეხბურთის გულშემატკივრებს შეხვდნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრაზე, რომელსაც გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტის საფეხბურთო გუნდების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, 19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის თასი ჩამოიტანეს.
_ „ალბათ, ბევრმა თქვენგანმა იცით, რომ 2 ივლისს იწყება ევროპის 19-წლანდელთა ჩემპიონატი ფეხბურთში. ვიტყოდი, რომ გუშინ, გორში აიღო სტარტი, დღეს კი ვიმყოფებით თქვენთან. თასი მთელ საქართველოს შემოივლის. ეს ჩემპიონატი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ეს ის ასაკია, როცა პირველ ნაბიჯებს დგამენ ფეხბურთში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშობ, თან შენს ქვეყანაში. ყველა შენიანი გვერდში გიდგას, გგულშემატკივრობს, მთელი ქვეყანა გიყურებს და შეგიძლია, ასახელო შენი სამშობლო, ქართველი ხალხი, გულშემატკივარი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მატჩები 2-15 ივლისს თბილისსა და გორში გაიმართება. ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის კი რვა ნაკრები იბრძოლებს.“, _ თქვა ლევან კობიაშვილმა.
“ივლიტას ბიბლიოთეკიდან” სტუმრებმა ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გადაინაცვლეს, სადაც ჩოხატაურის “ბახმაროს” და ოზურგეთის “მერცხალის” მატჩს დაესწრნენ.