2017 წლის საატესტატო გამოცდები დასრულდა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის ინფორმაციით, გამოცდებზე ოზურგეთის საჯარო და კერძო სკოლებიდან სულ 646 მოსწავლე გამოცხადდა.
“წელს 10-იანების სიმრავლე გვაქვს, რაც ძალიან გვახარებს და ვულოცავთ ყველა წარმატებულ კურსდამთავრებულს, მათ პედაგოგებს და მშობლებს. ჯამში, 22-ზე მეტი მოსწავლე ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, მათ შორის არიან ისეთები, რომლებმაც ოთხი საგამოცდო საგნიდან 2 და მეტ საგანში მიიღეს უმაღლესი შეფასება.
პირველადი მონაცემებით, საერთო რაოდენობის მხოლოდ 9% ვერ ჩააბარა. მათ შორის ისინი, ვინც შარშანაც ჩაიჭრა რიგ საგნებში.
ჯამში, წარმატებულია წლევანდელი საატესტატო გამოცდები ჩვენთვის. ამ მოსწავლეთა უმრავლესობა ეროვნულ გამოცდებზეა რეგისტრირებული და დარწმუნებული ვარ, აქაც დადებით შეფასებებს მიიღებენ, _ გვითხრა ლელა იმედაშვილმა.