გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევებზე კანონმდებლობა მკაცრდება. დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, სისხლის სამართლის და ნარჩენების მართვის კოდექსებში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტები განიხილება.
„მთავრობის გადაწყვეტილებით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში კანონმდებლობის მნიშვნელოვან გამკაცრებას ითვალისწინებს. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების და ნადირობის წესების დარღვევის შემთხვევაში. გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს უფლებამოსილება მიეცემათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენისას ადგილზე მოახდინონ ოქმის გამოწერა, დაჯარიმება. კანონპროექტი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაშიც მნიშვნელოვან გამკაცრებას ითვალისწინებს“, _ განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს აქვს პრეტენზია და არის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ქვეყანა, ამიტომ ასეთი კონტროლი აუცილებელია.
„ყოვლად მიუღებელია გარემოს ის დაბინძურება, რაც გვაქვს. განსაკუთრებით ავტომაგისტრალების მიმდებარე მიდამოებში არის ძალიან მძიმე სურათი. მე უკვე გავეცი დავალება, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა და გამგებლებმა მიხედონ თავიანთ რაიონებში მაგისტრალის გარშემო დაბინძურების საკითხებს და ასევე, ეს კანონი დაგვეხმარება იმისთვის, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მივიღოთ“, _ განაცხადა პრემიერმინისტრმა.