არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ვარჯიში კიბოთი დაავადების რისკს ამცირებს. ასევე, მათ შორის, ვინც დაამარცხა კიბო, უფრო ნაკლები შანსია, განმეორებით დაავადების, თუ ჩართულები იქნებიან ბევრ ფიზიკურ აქტივობაში. ყველაფერი ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ფიზიკური აქტივობა სხეულში იწვევს ისეთ რეაქციას, რომელიც ხელს უშლის კიბოს განვითარებას.
მიუხედავად არსებული მტკიცებულებებისა, დღემდე გაუგებარია, თუ კონკრეტულად რა პროცესი უშლის ხელს კიბოს წარმოშობას. სწორედ ამის გარკვევას ცდილობს პერნილ ჰოიმანის ჯგუფი, კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში. ისინი ფიქრობენ, რომ მთავარი ფაქტორი ადრენალინია.
დოქტორმა ჰოიმანმა დაადასტურა, რომ ვარჯიშს ნამდვილად აქვს სასარგებლო, კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი. მან და მისმა კოლეგებმა ცდები თაგვებზე ჩაატარეს. ნაწილს გალიაში სარბენი ბორბალი გაუკეთეს, ხოლო მეორე ნაწილს, გარდა გალიაში სიარულისა, ფიზიკური აქტივობის სხვა საშუალება არ დაუტოვეს.
ამის შემდეგ, მკვლევარებმა თაგვებს სპეციალური შენაერთის ინექცია გაუკეთეს, რომელიც სხვადასხვა სახის კიბოს იწვევს. ნაწილს დიეთილნიტროზამინის ინექცია გაუკეთეს, რომელიც ღვიძლის კიბოს იწვევს, ხოლო ნაწილს კანის ქვეშ მელანომას უჯრედები შეუყვანეს, ზოგიერთ მათგანს კი მელანომას უჯრედები კუდში შეუყვანს. კანში შეყვანილი მელანობა ვითარდება იქ, სადაც ინექცია მოხდა, ხოლო კუდის შემთხვევაში ეს ფილტვის კიბოს იწვევს.
ცდის შედეგები ძალიან ინფორმაციული აღმოჩნდა. ყველა თაგვს, რომელსაც მელანომას უჯრედები შეუყვანეს, კიბო განუვითარდა, თუმცა კიბო იმ თაგვებში, რომლებსაც სარბენი ბორბალი ჰქონდათ 61%-ით პატარა იყო, ინექციიდან 6 კვირის შემდეგ, ვიდრე იმ მღრღნელებში, რომლებსაც ვარჯიშის საშუალება არ ჰქონდათ. დაახლოებით მსგავსი შედეგი – 58%-იანი სხვაობა იყო ფილტვის კიბოს შემთხვევაშიც. რაც შეეხება იმ თაგვებს, რომლებსაც დიეთილნიტროზამინის შენაერთი შეუყვანეს, მათგან მხოლოდ 31%-ს განუვითარდა კიბო, რომელთა 75% მოვიდა იმ თაგვებზე, რომლებსაც ვარჯიშის საშუალება არ ჰქონდათ.
იმის გასაგებად, თუ როგორ აქვს ვარჯიშს ასეთი გავლენა, დოქტორმა ჰოიმანმა და მისმა ჯგუფმა მიკროსკოპის ქვეშ შეისწავლეს ის კიბოები, რომელთა ინექციაც თავად განახორციელეს. მათ გაარკვიეს, რომ ვარჯიშის საშუალების მქონე თაგვებს გაცილებით უფრო ძლიერი იმუნიტეტი გააჩნდათ, ვიდრე ნაკლებად აქტიურ თაგვებს. უფრო კონკრეტულად, ნავარჯიშებ თაგვებს ორჯერ მეტი ციტოტოქსიკური ლიმფოციტები ჰქონდათ, რომლებიც მავნე უჯრედებს ანადგურებენ, ასევე ჰქონდათ ხუთჯერ მეტი ბუნებრივი მკვლელი უჯრედები (NK), რომლებიც გამაფრთხილებლის როლს ასრულებენ და იმუნური სისტემის ყურადღებას საჭირო ადგილას გადართავენ.