ლანჩხუთში, ხაჯალია-ხიდმაღალას მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობაზე შეწყდა. ამ მონაკვეთზე სამუშაოებს შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ ახორციელებდა. აქ დასაქმებულ ადგილობრივთა ინფორმაციით, ჩინური კომპანია წასასვლელად ემზადება და თანამშრომლებს ათავისუფლებს.
„კარიერებიდან გაჩერებულია ხრეშის შემოტანა, მანქანების ნაწილი ადგილზე დგას, ნაწილი კი უკვე გაიყვანეს. აქ დასაქმებულებს ნელ-ნელა ათავისუფლებენ. ასევე ათავისუფლებენ მეველეებსაც, რომლებიც საყანე ფართობების დასაცავად ჰყავდათ აყვანილი“, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბარში ჩინურ კომპანიაში დასაქმებული ერთ-ერთი ადგილობრივი.
მისივე თქმით, ჩინური კომპანიის წასვლით პრობლემა ექმნებათ ადგილობრივ მოსახლეობას, რადგან მეველეების გათავისუფლების გამო დაუცველი რჩება მოსახლეობის საყანე ფართობები.
ამ საკითხთან დაკავშირებით საავტომობილო გზები დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი სეთურიძეს ვთხოვეთ სატელეფონო კომენტარი. მისი ინფორმაციით, ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმების მიზეზი კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვნად შესრულებაა.
„ამ კომპანიას არაერთხელ მიეცა გაფრთხილება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო, თუმცა, მათი მხრიდან ეს არ იქნა გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. თუ კომპანია ორი კვირის ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზებს, მოგვიწევს საბოლოოდ ხელშეკრულების გაუქმება“, _ ამბობს სეთურიძე და აქვე დასძენს, რომ მანამ სანამ ახალი კონტრაქტორი კომპანია მოიძებნება, გზების დეპარტამენტი საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას ავტობანის მშენებლობის ამ მონაკვეთზე დაიცვას იქ არსებული ქონება, მათ შორის მოსახლეობის კუთვნილი საყანე ფართობებიც.