„მთავარი ისაა, რომ ნება არის გაცხადებული, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს საკითხი კონსტიტუციის დონეზე, რომ ეს ნება უშუალოდ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე და ამოქმედებამდე უკვე რეალიზებული იყოს. მნიშვნელოვანია, ორგანული კანონის დონეზე, კანონმდებლობის დონეზე მანამდე მოწესრიგდეს ეს საკითხი იმისთვის, რომ ის ნება აღსრულდეს, რომელზეც საუბარი უკვე გვქონდა“, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების მუხლზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ განცხადებას.
აქვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დააკონკრეტა, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე მან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ ისაუბრა.
„ბრიფინგის დროს ხაზგასმით ვახსენე, რომ საუბარი იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე. ბუნებრივია, სტრატეგიული ინტერესები დაკავშირებულია სწორედ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან, აქედან გამომდინარე, კონსტიტუციაში ამ კუთხით ჩაიდება ჩანაწერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.