გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადა 2018 წლის 1 იანვარია. ავტომფლობელების უმრავლესობა ინსპექტირების შესახებ ინფორმირებული არ არის და მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც შსს-მ ინფორმაცია 100-ქულიანი საჯარიმო სისტემის შესახებ გაავრცელა.
აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ მძოლებს ერთწლიანი ვადა აქვთ, რათა თავიანთი ავტომობილები შეამოწმონ და შესაბამისი სერტიფიკატი მიიღონ. ათვლა 2017 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. მათი თქმით, ერთი წელი სავსებით საკმარისია, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა ავტომობილი, რომელშიც აირბალონი არის დამონტაჟებული, საფუძვლიანად შემოწმდეს.
ივნისში, ტექდათვალიერების ცენტრებში მიმართვამ ერთბაშად მოიმატა. ამის მიზეზად, სპეციალისტები საგზაო მოძრაობის ახალ 100-ქულიან სისტემას ასახელებს. მძღოლების მხრიდან დაინტერესება იმდენად დიდია, რომ კომპანიებში დღეში 15-20 მანქანის შემოწმება ხდება.
100-ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ, მძღოლებს აკლდებათ ქულა თვითნებურად დამონტაჟებულ და შეუმოწმებელ ავტომანქანებზე. ამ მიზეზით, მძღოლებს 10-15 ქულიანი ჯარიმა „დაერიცხებათ“.
კანონში შესული ცვლილების თანახმად, თითოეულ მძღოლს 1 ივლისს100 ქულა მიენიჭება და ამ ქულების ამოწურვის შემთხვევაში მათ მართვის უფლება 1 წლით ჩამოერთმევათ. შესაბამის ინფორმაციას კი მძღოლები SMS-ით მიიღებენ.