“ელემენტარული ცოდნაა საჭირო“ _ გიორგი ლილუაშვილი ლევან ალაფიშვილს პასუხობს
დღეს, ექსპერტმა ლევან ალაფიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ “პარლამენტს და ჩვენს ა!რჩეულებს გაეპარათ _ 110 პრიმა მუხლში თვითმმართველი ქალაქები დარჩა. ჰო, გვიანი კია, მაგრამ არ მესიზმრა, პარლამენტის მაჟორიტარული ოლქების მუხლში, 110 პრიმა მუხლში ცვლილება არ შეუტანიათ. არადა საგაზაფხულო სესია დამთავრდა“, _ წერს ლევან ალაფიშვილი.
“გურია ნიუსი“ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი ლილუაშვილს დაუკავშირდა.
“ჩემდა სამწუხაროდ, ლევან ალაფიშვილზე, როგორც იურისტზე, უფრო მეტი წარმოდგენა მქონდა. აღნიშნულ მუხლში, რომელსაც ის მიუთითებს, არანაირი ცვლილება არ უნდა შესულიყო, ვინაიდან ეს მუხლი არეგულირებს სამაჟორიტარო ოლქებს. ეს ასე უნდა იყოს, ვიდრე არ გამოცხადდება ახალი საპარლამეტო არჩევნები (საუბარია 2020 წელზე). ელემენტარული ცოდნაა საჭირო, ათასი სისულელეების მტკიცებაში ფლანგავენ თავიან დროს და ჩვენს დროსაც. საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, ეს არის ჩემთვის ძალიან სამწუხარო. თუმცა, რას ვიზამთ, სწავლა სიკვდილამდეა _ რასაც ისწავლიან, მომავალში გამოადგებათ“, _ გვითხრა გიორგი ლილუაშვილმა.