ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა დახმარება გაუწიოს ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერასთან დაკავშირებით, _ აღნიშნულის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, დაზარალებული მეწარმეების იდენტიფიცირების მიზნით, ბაზრობის ადმინისტრაციასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.
”დაზარალებული პირების იდენტიფიცირების შემდეგ, ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დადასტურება შემოსავლების სამსახურის მიერ, გახორციელდება ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემის მეშვეობით და შესაბამისად, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით, არ წარმოეშვებათ საგადასახადო ვალდებულებები”, _ ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსვალების სამსახურის განცხადებაში.