პლანეტის ყველაზე ღონიერი არსებაა პაწაწინა ხოჭო-მარტორქა, რომლის სიგრძეც 2.5-4სმ-მდეა. მას შეუძლია საკუთარ წონაზე 850-ჯერ მეტი ტვირთის ტარება. ადამიანს ასეთი ძალა რომ ჰქონდეს, დაახლოებით 65 ტონის აწევას შეძლებდა.
ყველაზე ამტანი წარმომადგენელი პატარა ჩიბუხაა. 2007 წელს ამ პატარა ჩიტმა ისტორიაში ყველაზე დიდხანს იფრინა – 9 დღის განმავლობაში ალიასკიდან ახალ ზელანდიამდე შეუჩერებლად გადაიფრინა 11500 კმ. ფრინველის ამ დაუჯერებელი მოგზაურობის დასასრულს თავისი წონის თითქმის ნახევარი დაკარგული ჰქონდა.
აფრიკული ანტილოპა იმპალა, რომელსაც ყველაზე წვრილი ფეხები და ყველაზე ძლიერი ბარძაყები აქვს, ყველაზე შორს მხტომელი არსების ტიტულს ატარებს. თუ ამ ცხოველს შეაშინებთ, მას შეუძლია 3 მეტრის სიმაღლეზე ახტეს და 10 მეტრამდე მანძილი დაფაროს ერთი ასეთი ნახტომით.
ყველაზე სწრაფ თევზად ითვლება აფროსანი. ის ხანმოკლე ინტერვალებით ელვასავით სწყდება ადგილს და 109 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.
ყველაზე სწრაფ ფრინველად ითვლება პერეგრინის შევარდენი. მტაცებელი სიმაღლიდან შურდულივით მიექანება დაახლოებით 322 კმ/სთ სიჩქარით, მსხვერპლს ჰაერშივე ბასრი ბრჭყალებით იჭერს და ნადავლით ეშვება დედამიწაზე.
ხმელეთზე კი სისწრაფეში პირველობას გეპარდი არავის უთმობს. ის საათში 96 კმ/სთ-ს ავითარებს. თუმცა გეპარდს ამ სიჩქარით საშუალოდ 250 მეტრის გარბენა შეუძლია, რადგან ასეთი სიჩქარე უამრავ ენერგიას მოითხოვს.