პარლამენტის ბიურომ საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2017 წლის 26 ივლისიდან მოწვეული რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პლენარული სხდომის დღის წესრიგში ორმოცამდე განსახილველი და კენჭსაყრელი საკითხია, მათ შორის, საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ( III მოსმენა).
შემოთავაზებული ცვლილებით დაკონკრეტდა ის სუბიექტი, რომელიც შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით ავტორიზაციას ასევე არ ექვემდებარება. პროექტის მიხედვით ზუსტდება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემოწმების პერიოდულობა. გარდა ამისა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა ხორციელდება არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ, თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. პროექტის შესაბამისად დაკონკრეტდა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ. ასევე განისაზღვრა საგანმანათლებლო პროგრამის დამატების და საგანმანათლებლო პროგრამის დამატებაზე უარის თქმის თავისებურებანი და მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის ან გაზრდაზე უარის თქმასთან დაკავშირებული შესაბამისი გარემოებანი.