აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალურ სახლში“ 58 ეკომიგრანტ ოჯახს, რომელთა შორის 55 ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრია საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადასცა. ბინების მიღება მოსახლეობას ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელ სულხან ევგენიძესთან ერთად მიულოცა.
თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალური სახლი“ 10 სართულიანია. შენობაში სულ 58 ბინა განთავსდა. შენობაში მოეწყო წყლისა, გათბობისა და ელექტროსისტემები. მშენებლობის პროცესში ჯამში 300 ადამიანი დასაქმდა. მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონი ლარით დაფინანსდა. „სოციალური სახლის” მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო და 2016 წელს დასრულდა.
ეკომიგრანტ ოჯახებზე ბინები შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით იქნა გადაცემული.
►2013 წლიდან დღემდე აჭარაში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შედეგად დაზარალებული 447 ოჯახი;
►აჭარის მთავრობის პროგრამით, 2016 წლიდან დღემდე სულ 150 ეკომიგრანტ ოჯახს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა 25 000 ლარის ფარგლებში საცხოვრებელი ფართების შესყიდვის მიზნით;
►აჭარის ა/რ ტერიტორიაზე 2013 წლიდან სულ 11 სოციალური სახლის მშენებლობა და რეაბილიტაცია განხორციელდა.(R)