თბილისის საქალაქო სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ დადგენილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობას ამზადებდა.
„სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლომ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 18-109 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადება და მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. შესაბამისად, ბრალდებული გიორგი მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ ზემოაღნიშნული მუხლებით და მას საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
საქმე სასამართლომ დახურულ სხდომებზე განიხილა.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.