დღეს თანამემამულე ხელოვანების მორიგი მოგონებები უნდა შემოგთავაზოთ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, ცნობილ პაროდისტს, გურამ ჯაშს, თავისი პროფესიიდან გამომდინარე, მართლაც რომ ბევრი სახალისო ისტორია აქვს გასახსენებელი. ტრადიციების მოყვარული ხელოვანისთვის ღვინო, დუდუკი და ქალები ცხოვრების განუყრელი ატრიბუტია.
ბატონი გურამი თავის პირველ მოგონებას მოგვიყვება:
„სუფრაზე მთავარია კარგი ლექსი, სიმღერა და იუმორი. თან, ხომ იცით, ქართველი კაცი როგორი ტრადიციის მოყვარულია და, ღვინოს, დუდუკისა და ქალების გარეშე პეწი ეკარგება ყველაფერს. ესაა ლამაზი ტრადიცია, თორემ, ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ლამპის შუშითა და კრამიტით კი არ დავლევდი ღვინოს! თუმცა, სუფრასთან მსხდომმა ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს დრო ლამაზად გაიყვანონ და მალე არ მოეკიდოთ სასმელი.
ერთხელ კაი სუფრაზე ვარ მეგობრებთან ერთად, ხალხი კი მიირთმევს საჭმელს, მაგრამ მაინც ინაზებიან და, რომ იტყვიან, კულტურულად მიირთმევენ სხვადასხვა კერძს. ლხინში რომ ზიხარ, იქ ქვეყანა შენ გიყურებს, აბა, გამობუშტული ლოყებით ვერც იმღერებ, ვერც იხუმრებ და ვერიდებოდით. რომ იტყვიან, ყველანი ჩიტებივით ვიკენკებოდით. მერე, როგორც იქნა, ძლივს მადა გამეხსნა და ხაჭაპურისკენ წავიღე ხელი, ბედი არ გინდა? ზუსტად იმ დროს შუქი ჩაქრა. ვაი, დედა-მეთქი, რომ ამომხდა პირიდან კვნესა, იქ მჯდომს, ყველას, ტანში გასცრა ჩემს ამოგმინვაზე.
როცა აინთო შუქი, რას ხედავენ?! ხელში ჩანგალი მაქვს ჩარჭობილი. როგორც ჩანს, ჩემსავით, შუქის წასვლისას კიდევ ბევრს გაეხსნა მადა და ერთ-ერთმა, მადამორეულმა, ისე გემოზე ჩამარჭო ჩანგალი ხელში, ეგონა, ხაჭაპურს ჩააგემრიელებდა და მე არ შევრჩი ხელში?! ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ ისე გავმწარდი, რომ მას მერე ერთი კვირა ვკვნესოდი. ისეთი სიმწარე არავის გენახოთ. იმ დღიდან ხაჭაპური შემძულდა“.
ნება მომეცით გურამ ჯაშს სიტყვა კიდევ ერთხელ გადავცე.
„ოტია იოსელიანისგან ინტერვიუს იღებს ერთ-ერთი ჟურნალისტი:
– ბატონო ოტია, რას ფიქრობთ ამ ახალ ქართველებზე, მეუღლეთა მშობიარობას რომ ესწრებიანო.
– ნამეტანი კაის ვფიქრობ, ბატონო, – პასუხობს ოტია, – ბოვშების კეთებას მაგენი არ ესწრებიან და მშობიარობას მაინც დაესწრონ, მამობა, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა განიცადონო.
არ მოეშვა ჟურნალისტი და ეკითხება:
– ეს გასაგებია, მაგრამ, პოლიტიკოსებზე რას იტყვით?
– ხო, მაგენი მტრედებივით არიანო, პასუხობს მწერალი – დაუკვირდი, კაცო, ჯერ, სანამ მიწაზე დაბოდიალობენ, ჩვენი ხელიდან კენკავენ საკენკს, მერე კი, რომ აფრინდებიან, პირველი ჩვენ გვასკლინტავენ თავზე“.
გურამ ჯაში ერთ საინტერესო „ისტორიასაც“ მოგვიყვება.
„სუფრასთან ვზივარ მეგობრებთან ერთად, მათ შორისაა მერაბ გეგეჭკორი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის პაროდიას აკეთებს.
მასპინძელმა გვამცნო, ახლა მოვა საფოსტო ბანკის მმართველი და უნდა გაგაცნოთო. რევოლუციამდელი პერიოდია და შევარდნაძეა პრეზიდენტი. ველოდებით ფოსტის მმართველს. ურეკავენ, ეკითხებიან, როდის დაგვაფასებ და გვეწვევიო. ის კაცი მოუცლელი ჩანდა და, ვერა და ვერ მოვიდა ჩვენამდე. მერაბმა მასპინძელს გამოართვა იმ კაცის ნომერი – მაგას ვუჩვენებ სეირსო და დაფარული ნომრით ურეკავს. რა თქმა უნდა, პირდაპირ ედუარდის ხმით ვერ დაიწყებდა ლაპარაკს და ამბობს, ალო, გამარჯობა, სახელმწიფო კანცელარიიდან გაწუხებთ, ვახტანგი ვარ. და პრეზიდენტს უნდა… თუმცა, ვინ იყო ის ვახტანგი, თვითონაც არ იცოდა. მერე დაამატა – ახლავე გადაგრთავთო და – გამარჯობა, სერგო, როგორ ხარო – ახლა ედუარდ შევარდნაძის ხმით დაელაპარაკა მერაბ გეგეჭკორი.
– რა მაინტერესებს, თუ იცი, როგორია საპენსიო ფონდი, მისი მდგომარეობა. გამარკვიეთ, თუ კაცი ხარ, არ დაგავიწყდეს 25 დეკემბერია, ახალი წელი მოდისო.
იქიდან პასუხია, რომ 800 000-ია საფინანსო ფონდი, აქედან 50 000 გასტუმრებულია, 30 000 კი ვალში რჩებაო, – ტელეფონით აბარებს საპენსიო ფონდის თავმჯდომარე „აჩოტებს“ „შევარდნაძეს“. მერაბი აწყვეტინებს: – არავის წინააღმდეგ არ წავალ, მაგრამ, დაიმახსოვრე, რაც გინდა, ის ქენი და ის 30 000 წელს გასტუმრებული უნდა იყოსო. იქიდან ვიშვიში ატყდა – ტელეფონში გაისმა შეძახილები, ოვაციები. დაფაცურდა, თურმე, ყველა მთავრობაში, ურეკავდნენ ერთმანეთს შეშინებულები – რა ვქნათ, საიდან გავისტუმროთ ამხელა ვალიო.
საპენსიო ფონდის შეფს ვიდრე თავი არ გაუსკდა ფიქრითა და ნერვიულობით და კინაღამ გულმა არ „დაუსტუკა“, მანამდე არ უთხრეს, რომ ეს მერაბ გეგეჭკორის ოინი იყო“.
ერთხელ ბატონი ჯემალ ღაღანიძე, კახი კავსაძე და გურამ საღარაძე კიევში იმყოფებოდნენ და ავტოავარიაში მოყვნენ. ამ შემთხვევას თავად ჯემალ ღაღანიძე გაიხსენებს.
„გასტროლები გვქონდა კიევში და, რატომღაც მანქანებით წასვლა მოვინდომეთ. სამი მანქანით წავედით – გურამ საღარაძისა და კახი კავსაძის „ვოლგებით“ და ჩვენთან ერთი დირიჟორი იყო – იმის მანქანით. მაშინ კახის მეუღლე, ბელა მირიანაშვილი ცოცხალი იყო და ბავშვებთან ერთად ისიც წამოვიდა. მეც ჩემი ცოლ-შვილით ვიყავი.
დამთავრდა გასტროლები. მოვდივართ. კიევიდან არ ვიყავით გამოსული, რომ საშინელ ავარიაში მოვყევით, ისეთ საშინელში, არ გვეგონა, თუ გადავრჩებოდით. სამივე მანქანა მაგრად დაგველეწა. ყველაფერი აქეთ-იქით ყრია, ჩემმა ცოლმა დაინახა ხატი, რომელიც ჩემოდნიდან გადმოვარდა, აიღო და თქვა: აი, ამან გადაგვარჩინაო.
ყველაფერი დალეწილი იყო და ხატს ერთი ბზარიც არ ჰქონდა. კახის მანქანა საერთოდ ამოტრიალდა. ოთხი საათი კიევის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა გაჩერებული იყო. საბედნიეროდ, მანქანები დაიქოქა, მინებზე ზეწრები, მუყაოს ქაღალდები ავაფარეთ და წამოვედით. გზაში ყველა გვეკითხებოდა, რა დაგემართათო. სამი მანქანა ერთნაირად იყო დამტვრეული. რაღაც ხომ უნდა გვეპასუხა და მოვიგონეთ, ვითომ კინოგადაღება იყო. ასე ჩავედით ოდესამდე და მერე იქიდან გემით წამოვედით“.
პარლამენტარი და ამავდროულად მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი ბავშვობაში მომავალ პროფესიაზე კი ფიქრობდა მაგრამ „აქტიორობა“ შეუსრულებელ ოცნებად ესახებოდა.
„ბავშვობაში არ ვიცოდი, მსახიობობა თუ პროფესია იყო. კინოსა და რეალობას ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდი. ნაღდ ამბად აღვიქვამდი ყველაფერს, „სპარტაკით“ დაწყებული „შესანიშნევი შვიდეულის“ კრისით დამთავრებული. ვიცოდი, რომ უკვე სოსო ვიყავი და ვერც სპარტაკი გავხდებოდი და ვერც კრისი, მაგრამ, მაინც რაღაცნაირად ვნატრობდი.
ერთხელ ოთახში ლამაზი ჩიტი შემოფრინდა. დედაჩემმა მითხრა, არ მოკლა და, რასაც სთხოვ, აგისრულებსო. დავიჭირე და ვინატრე, სოსოც ვიყო და ვინც მომეწონება, ისიც-მეთქი. ისევ და ისევ კრისი მედგა თვალწინ, რადგან მესტიაში დილა-საღამოს უჩვენებდნენ „შესანიშნავ შვიდეულს“. რუსულის ბაიბურში არ ვიყავი, მაგრამ ფილმის მთელი ტექსტი ზეპირად ვიცოდი და რუსულადაც „ვკრისობდი“.
მეორე დღეს ჩემმა ფრთოსანმა ისევ მომაკითხა, იგივე სურვილი ჩავუთქვი და ძაფი შევაბი ფეხზე, მესამე დღეს ისევ მოფრინდა და მესამე მოფრენაზე ნატვრის თვალი ან ნატვრის ხე ვინატრე. გავიდა რამდენიმე წელი და „კრისის“ ფორმაც ჩამაცვეს, ვინჩესტერიც დავიჭირე, მზეთუნახავი ლიკა ქავჟარაძეც მოვიტაცე რეზო გაბრიაძის ფილმში „სიყვარულო, ძალსა შენსა“ და მეოცნებე ელიოზსაც მე „ვეხმარებოდი“ ნატვრის თვალის ძებნაში“.
მომავალი პარლამენტარი ყრმობის ასაკში გაუბედავი „ბალღი“ ყოფილა. აი ნანული სარაჯიშვილმა კი საკუთარი ბედი და პროფესია თავისივე ხელებითა და ნიჭით გამოჭედა.
„ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ბავშვობით და სხვათა შორის, დიდხანს ვიყავი ბავშვი. არ ვცდილობდი, ზრდასრულ ადამიანად მეგრძნო თავი. მსახიობობაზე ხომ საერთოდ არ მიფიქრია, სრულიად შემთხვევით გავხდი მსახიობი. მიმაჩნდა, რომ მსახიობს რაღაც განსაკუთრებული ნიჭი და გარეგნობა უნდოდა. რეზო ჩხეიძე რომ იღებდა „მანანას“, ათას ხუთასი ბავშვი ჰყავდა დაბარებული სინჯებზე. მას ნანახი ვყავდი ერთ-ერთ წვეულებაზე, სადაც მშობლებთან ერთად ვიყავი. მან ჩემი მშობლები მოძებნა და აქედან დაიწყო ყველაფერი.
კინოსტუდიაში რომ მივედი, ისეთი ლამაზი ბავშვები დამხვდნენ, შინაგანი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. ამდენ ლამაზ გოგოში რაღა მე გავიმარჯვებ-მეთქი და გულდაწყვეტილი წამოვედი. მითხრეს, იცეკვე და იმღერეო, მაგრამ პირველ დღეს არაფერიც არ გავაკეთე. მეორე დღეს ვიმღერე და ვიცეკვე. ვიცოდი, რომ მაინც არაფერი გამომივიდოდა და თავი შევიკავე. სხვათა შორის, ბოლომდე ფრთხილი დავრჩი. სულ უკმაყოფილო ვარ ჩემი თავით. მერე, ათას ხუთასი ბავშვიდან სამნი დავრჩით. ბოლოს მე დამამტკიცეს.
მახსოვს, იმდენად იმოქმედა ამან ჩემზე, რომ 39 გრადუსი სიცხე მომცა. მე რომ არაფერი ვთქვა, თვითონაც იცით, რამხელა მსახიობების გვერდით მოვხვდი. მანამდე ეს ადამიანები თეატრში და ეკრანზე მყავდა ნანახი. მთელი გადაღების პროცესში ძალიან მეხმარებოდნენ. როგორც დიდ ადამიანს, ისე მეპყრობოდნენ. მეც, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მათი თანატოლი ვიყავი. ასე დაიწყო ჩემი სამსახიობო კარიერა კინოში.
ცხოვრებაში სულ სხვანაირი ბავშვი ვიყავი – წყნარი, მშვიდი. ფილმი რომ გამოვიდა, დედაჩემს ეუბნებოდნენ, როგორ უძლებთ, ქალბატონო, ამ ბავშვსო. გადაღებები ბათუმში ზაფხულში მიმდინარეობდა. ერთ-ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, როცა მანქანაში ვზივარ და განწირული ხმით ვტირი – ბებია, ბებია! ერთი ქალი შემოვარდა გადასაღებ მოედანზე, ისე, რომ ოპერატორს არ დაუნახავს. ეგონა, მართლა ჩაიკეტა ბავშვი მანქანაშიო. გააღო კარი და გადმოვვარდი. პირდაპირ ქვაფენილზე დავენარცხე. ფეხებიდან სისხლი მდიოდა. ერთი კვირა გადაღებები გაჩერებული იყო, ვიწექი. მერე, საშინელება იყო ჩემთვის ორმოც გრადუს სიცხეში „შუბა“ და ბოტები რომ ჩამაცვეს. კინაღამ გავგიჟდი, ისე მცხელოდა, მაგრამ რაღაცნაირად გავუძელი ამ ყველაფერს“.