დღეს სასამართლოში დათა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა ვამეხ აბულაშვილის ყოფილმა საცოლემ ვიოლეტა ხუნგოიანმა. მოწმემ 2005 წელს მის მიმართ დათა ახალაიას ინტერესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალაია მას სახლთანაც ხვდებოდა, მისი საქმრო კი, მეგობართან კახა დაბრუნდაშვილთან ერთად სასტიკად სცემა.
„2005 წელს კაზინო „ინ ჯოიში“ ვმუშაობდი. დათა ახალაიამ იცოდა სად ვმუშაობდი. თვალყურს მადევნებდა. ვამეხ აბულაშვილი ჩემი საქმრო იყო. ის შემთხვევით გავიცანი კაზინოში. ახალაიას მხრიდან ჩემი შეწუხება მუდმივად გრძელდებოდა.
სახლში რომ ვბრუმდებოდი, დამხვდა დათა ახალაია, მე ყვირილი დავიწყე და მან ხელი გამიშვა. დაურეკეს ვამეხ აბულაშვილს და უთხრეს, რომ ვიღაც უფროსთან უნდა მისულიყო.
როგორც გავიგე დათა ახალაიამ ის მის მეგობართან, კახა დაბრუნდაშვილთან ერთად შეაგდო მანქანაში და წაიყვანა ტყეში. ნაცემი იყო ვამეხი და მივხვდი, რომ ეს დათა ახალაიამ გააკეთა. როგორც მან მითხრა, ახალაიამ და კიდევ 20-მა ადამიანმა სცემეს.
ამის შემდეგ ჩვენ დავშორდით“ _ განაცხადა ვიოლეტა ხუნგოიანმა.
კახა დაბრუნდაშვილის და ვამეხ აბულაშვილის ცემისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდი გირგვლიანის საქმესთან ერთად არის გაერთიანებული.
დღეს, გირგვლიანის ეპიზოდზე ყოფილი პატიმრის ბიბილურიძის დედა უნდა დაიკითხოს, რომელიც პროკურორის თქმით, დაადასტურებს, რომ მისმა შვილმა 100 000 ლარი დათა ახალაიას დანაშაულის დაფარვის სანაცვლოდ აიღო.
სასამართლო დათა ახალაიას საქმეს ბრალდებულის დაუსწრებლად იხილავს. მასზე ძებნაა გამოცხადებული.
imedinews.ge