ამ წუთებში, ურეკში სტიქიაა. ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დაიტბორა.
_ ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ. მიაწვდინეთ ხმა ხელისუფლებას. პირველი სართულები თითქმის მთლიანად დაიფარა წყლით და პატრონი არავინ გვაყვს, _ “გურია ნიუსმა” ურეკიდან მსგავსი შინაარსის რამდენიმე სატელეფონო ზარი მიიღო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი ამბობს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაციას ფლობს:
_ ვიცით, რომ რამდენიმე სახლია დატბორილი. ერთი კი, განსაკუთრებით _ წერეთლის ქუჩაზე. იქ საერთაშორისო მნიშვნელობის გზა გადის და მილხიდია გაჭედილი, არ ატარებს წყალს და ვიცით ამ პრობლემის შესახებ. შესაბამისი ორგანოები საქმის კურსში არიან. წერილები გაგზავნილია და ამ პრობლემას უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ყაზაიშვილმა.
_ ბატონო არჩილ, ამ წუთებში სახლებია დატბორილი და ადამიანებს დახმარება სჭირდებათ…
_ ნუ, რა ვქნათ ახლა, სამუშაოები სჭირდება (?!). წერილი გაგზავნილია.
_ სანამ წერილზე პასუხი არ მოგივათ, მანამდე მოსახლეობა უნდა იტბორებოდეს?
_ აგერ, ახლა გაიგზავნა. ცოტა ხნის წინ გაიჭედა. მანამდე ატარებდა.
_ ამ წუთებში ურეკში ძლიერი წვიმაა და როგორც თქვენი სიტყვებით მივხვდით, ადამიანები წერილის პასუხამდე წყალში უნდა იყვნენ?
_ ურეკი ზღვის დონიდან ძალიან დაბალზეა და მასე ყველგან ამოდის წყალი პირველ სართულზე.
_ ბატონო არჩილ, ის რომ ურეკი ზღვიდ დონიდან დაბალზეა, მოსახლეობისთვის მისაღები პასუხი გგონიათ?
_ უმეტეს შემთხვევაში, ასეა და შესაბამისად, აღმოიფხვრება ეს პრობლემა.
_ პრობლემის აღმოფხვრამდე და თქვენს რეაგირებამდე რა ქნან ადამიანებმა, რომლებიც ჩვენთან რეკავენ და დახმარებას ითხოვენ?
_ თქვენ რა უნდა ქნათ?!
_ ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გირეკავთ და გატყობინებთ პრობლემის შესახებ. შესაბამისად, გვაინტერესებს, თქვენ რას აკეთებთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში _ რატომ არ ჩადიხართ ურეკში და რატომ არ ეხმარებით მოსახლეობას?
_ სამაშველო მისულია, წყლის დონე ამ ეტაპზე დაწეულია და საშიში მდგომარეობაც არაა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ყაზაიშვილმა.