სამხრეთ აფრიკის კრიუგერის ეროვნულ პარკში ანტილოპა იმპალამ, რომელსაც ორი გეპარდი მოსდევდა, უჩვეულო გზით უშველა თავს – ტურისტებით სავსე სწრაფად მიმავალ ავტომობილ “ტოიოტა პრადოს” უკანა კარის ფანჯარაში შეხტა, რომელიც, ბედად, ღია აღმოჩნდა.
ხმელეთის უსწრაფესი ორი მტაცებელი კი ხახამშრალი დარჩა… ეს მოხდა პარკში გამავალ გზატკეცილზე, სადაც საკმაოდ ინტენსიური მოძრაობაა.
გეპარდების უიღბლო ნადირობა კი 20 წლის სამანტა პიტენდრაიმ დააფიქსირა.
“თავდაპირველად გზაზე ანტილოპების ჯოგმა გადაიფრინა, თუმცა რამდენიმე წამში ერთ-ერთი იმპალა უკან მობრუნდა – მას ორი გეპარდი მოსდევდა! მდევრებს იმპალა მხოლოდ თავგანწირული ნახტომით დაუსხლტა – პირდაპირ ავტომობილის სალონში აღმოჩნდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ანტილოპამ თავს მანქანის სალონში უშველა. მართალია, ბოლო წლებში ტურისტებს გეპარდებიც ძალიან გაუშინაურდნენ – მათ ადამიანების თითქმის აღარ ერიდებათ და ხშირად ტურისტების მანქანების სახურავზეც ადიან მიდამოს დასაზვერად, მაგრამ სალონში შესვლა, არ უცდიათ.
ბედნიერი ვარ, რომ ამ შემთხვევას შევესწარით. მსგავსი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება”, – ამბობს სამანტა.