გუშინ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია რეგისტრაციიდან მოხსნილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ 2 ოქტომბრის მდგომარეობით.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩოხატაურში რეგისტრაციიდან მოიხსნენ: საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კოტე სიხარულიძე; საარჩევნო ბლოკ „ბაქრაძე, უგულავა _ ევროპული საქართველოს” მიერ ხიდისთავის თემში წარდგენილი თამარ ბერიძე; “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი _ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მიერ წარდგენილი მზია სიხარულიძე და „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ზომლეთის თემში წარდგენილი კანდიდატი გივი თავაძე.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა. რა გახდა აღნიშნული კანდიდატების მოხსნის მიზეზი, თუმცა. დეტალების გარკვევისას ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში გვითხრეს, რომ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამებოდა და ზემოთ ჩამოთვლილი კანდიდატებიდან რეგისტრაცია მხოლოდ კოტე სიხარულიძეს გაუუქმდა, რომელიც ახლა „პატრიოტთა ალიანსიდან“ იყრის კენჭს ბუკისციხის თემში. უფრო მეტიც, ოფიციალური დოკუმენტებით ისიც გავარკვიეთ, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ მზია სიხარულიძე არც ერთ მაჟორიტარულ ოლქში არ ჰყავს კანდიდატად.
კანდიდატის მოხსნის შესახებ ინფორმაცია არ აღმოაჩნდათ „ქართულ ოცნებაშიც“, სადაც განმარტეს, რომ თავაძეს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მოწმობაც კი ჩამოუვიდა.
ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ კი ყველაფერი „ტექნიკურ ხარვეზს“ დააბრალა და აღნიშნა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ინფორმაცია გადაუმოწმებლად გამოაქვეყნა:
_ ეს მონაცემები, რაც ჩვენ გვიდევს, მუშა პროცესშია. უბრალოდ, გადამოწმების თვალსაზრისით და საჯაროობის მიზნით გამოქვეყნდა(?!), თუმცა, ეს საბოლოო ვერსია არ იყო. მიმდინარეობს მუშაობა და რამდენადაც ვიცი, თამარ ბერიძე და გივი თავაძე კანდიდატები არიან, მათი სახელები რეგისტრირებული კანდიდატების სიაშიც შეგიძლიათ ნახოთ. უბრალოდ, აქ არის ტექნიკური ხარვეზი _ ეს ადამიანები ამ სიიდან ამოვლენ და დარჩებიან იქ, სადაც არიან. რაც შეეხება მზია სიხარულიძეს, ის არ არის კანდიდატი _ აქაც რაღაც ტექნიკური ხარვეზია და ესეც გამოსწორდება. უბრალოდ, ეს მუშა პროცესია და შესაძლოა, მსგავსი ტიპის ხარვეზი იყოს, თუმცა, საბოლო მონაცემებში იქნება დეტალური და სწორი ინფორმაცია მოცემული, _ გვითხრა მიქელაძემ.
_ ქალბატონო ანა, თქვენი სიტყვებით გამოდის, რომ ე. წ. ტექნიკური ხარვეზის გამო, ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში შეიძლება შეცდომები იყოს?
_ შესაძლებელია. უბრალოდ, ეს ინფორმაცია გავასაჯაროეთ, როგორც კი ოლქიდან მივიღეთ. თუმცა, ეს იყო დამუშავების პროცესში და პირველადი ინფორმაცია დავდეთ. შესაძლებელია, თუკი რაიმე ტიპის ხარვეზი იქნება აღმოჩენილი, გასწორდეს. ოლქებიც მუშაობენ. ეს მონაცემები ამოღებულია უკვე, უბრალოდ, დადებული არ არის ახალ ვერსიაში და ის განახლებული ვერსიაც დაიდება, _ აღნიშნა 3 ოქტომბერს, „გურია ნიუსთან“ საუბრისას ცესკო-ს პრესპიკერმა, თუმცა, მათ ვებგვერდზე ახლაც იკითხება, რომ სიხარულიძე, ბერიძე და თავაძე რეგისტრაციიდან მოხსნილი კანდიდატები არიან.
სტატია ქვეყნდება პროექტის “გაცნობიერებული არჩევანი _ დემოკრატიის ფუნდამენტი” ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ “ღია საზოგადოება _ საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.