70 წლის რონ იფილდი ძველი გამოცდილი მეთევზეა. ამას წინათ მისი ნავის კიდეზე თოლია ჩამოჯდა და მოხუცი სახტად დატოვა… მისტერ იფილდის ნავს, მას შემდეგ, რაც ის ტემზაზე თევზაობს, არაერთი თოლია სტუმრებია, მაგრამ ეს უკანასკნელი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. საერთოდ, თოლიები ღორმუცელები, საოცრად თავხედები და უშიშრები არიან, არავის და არაფერს ერიდებიან, მუდმივად თევზის წართმევას ან მოპარვას ლამობენ. ეს სტუმარი კი წყნარად იჯდა და მეთევზის საქმიანობას რამდენიმე საათის მანძილზე მშვიდად ადევნებდა თვალს. მეთევზემ ნავი ნაპირისკენ რომ მიაბრუნა, თოლიას ნირი არ უცვლია, გაფრენაც კი არ დააპირა…
“კაიუტაში შესვლისთანავე თოლიას თევზით გავუმასპინძლდი. წარმოიდგინეთ, ჩაისაც კი გემო გაუსინჯა! მერე კი შინ ისე ერთგულად გამომყვა, თითქოს უპატრონო ძაღლი ყოფილიყო, რომელსაც კანფეტი აჭამეს. თოლია რომ სულ უკან დამდევდა, თავიდან ძალიან მამხიარულებდა, მერე მისი სახლიდან გაშვება ვცადე, მაგრამ არაფრის დიდებით არ წავიდა!” – იხსენებს რონ იფილდი.
ბოლოს, თოლია მაინც გაფრინდა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ სათევზაოდ გასულს ნავზე ისევ დაუსკუპდა…
მას შემდეგ თოლია, რომელსაც მოხუცმა ჰერბერტი დაარქვა, ხშირად სტუმრობს მას შინაც და თევზაობის დროსაც.
“40 წელია ნავით სათევზაოდ დავდივარ, მაგრამ მსგავსი არაფერი გამიგონია. მიკვირს, როგორ აგნებს ჩემს სახლს, რომელიც ზღვიდან 400 მეტრშია. მართლა ძალიან დავმეგობრდით, ხშირად ვლაპარაკობთ კიდეც”, – ამბობს მეთევზე.
თუმცა, ეს სულაც არ უხარიათ იფილდის მეზობლებს: ჰერბერტი ახალი მეგობრის სახლში წესიერად იქცევა, სამაგიეროდ, მეზობლებს სულ რაღაცას ჰპარავს, ის კი არა, ეზოებში “სიტუაციასაც აკონტროლებს” – უშიშარი და ღონიერი ფრინველი კატებსა და ფინიებს თუ მოიხელთებს, დააცხრება ხოლმე და მსხვერპლს თავში უჩაჩქუნებს…