საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა მზად იყო, რომ მაქსიმალური გაეკეთებინა, რათა ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასულიყო, თუმცა ოპოზიციის გამო, ცვლილების განხორციელება შეუძლებელი გახდა.
როგორც ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს.
„როგორც მოგეხსენებათ, ამ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები უმრავლესობის შიგნითაც გვქონდა. საბოლოო ჯამში, ოპოზიციის უარის გამო, პროპორციული სისტემა მხოლოდ შემდეგი არჩევნებიდან ამოქმედდება. ეს არის შედეგი, რომელიც იმის გამო დადგა, რომ ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარი იმ პირობებშიც კი თქვა, როცა დოკუმენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლიდან ეწერა. ეს არის ოპოზიციის „დამსახურება“. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა მზად იყო, რომ მაქსიმალური გაეკეთებინა სხვა შედეგი დამდგარიყო და 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასულიყო, თუმცა ოპოზიციის გამო, ეს ცვლილება შეუძლებელი გახდა“, – დასძინა კობახიძემ.
ვენეციის კომისიამ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა დღეს დაამტკიცა.