ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ბორის პაიჭაძის ბიუსტი გაიხსნება. სპორტულ ზეიმს თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთლები დაესწრებიან.
როგორც გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით მუჯირმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ღონისძიება 2 დღეს გასტანს. მუჯირის განმარტებით, ამ დღისთვის გურიას თბილისის „დინამოს“ თითქმის ყველა ვეტერანი ფეხბურთელი ესტუმრება.
„საგანგებოდ ამ დღისთვის გურიაში ჩამოვლენ თბილისი დინამოს ვეტერანები: ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი, ვლადიმერ გუცაევი, მანუჩარ მაჩაიძე _ თითქმის ყველა „დინამოელი“, ასევე, იქნებიან ლანჩხუთის “გურიას“ ვეტერანები, _ განაცხადა დავით მუჯირმა.
მუჯირის თქმით, ლეგენდის ხსოვნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები 2 დღის განმავლობაში, 11 და 12 ოქტომბერს გაგრძელდება.
“ბორის პაიჭაძის სახელობის ტურნირს ჩოხატაურის ცენტრალურ სტადიონზე გურიის რეგიონის 2004-2005 წლებში დაბადებული ჭაბუკი ფეხბურთელები გახსნიან, თამაშები კენჭისყრის მიხედვით გაიმართება. მომდევნო დღეს კი ჭაბუკი ფეხბურთელები საპრიზო ადგილების დასაკავებლად იბრძოლებენ. ამავე დღეს საზეიმოდ გაიხსნება ბორის პაიჭაძის ბიუსტი, რის შემდეგაც ფეხბურთის ზეიმი ასკანაში გადაინაცვლებს, სადაც მაყურებელს ქართველ ვარსკვლავთა ამხანაგური მატჩის ნახვის შესაძლებლობა მიეცემა“, _ გვითხრა დავით მუჯირმა.