ლანჩხუთის მომავალ საკრებულოში, სადაც მთლიანობაში 32 დეპუტატი იქნება წარმოდგენილი, მმართველ გუნდთან ერთად სამი ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი. ოპოზიციურმა პარტიებმა, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ხუთი მანდატის მოპოვება შესძლეს.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, რომელთაც ლანჩხუთში ამომრჩეველთა ხმების 13% და 12,55% მიიღეს, დიდი ალბათობით, მომავალ საკრებულოში ორი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
„ნაციონალებიდან“ საკრებულოში იქნებიან მერობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი კახა ასკურავა და სოსო ჩხაიზე. ეს უკანასკნელი ქალაქში მაჟორიტარი დეპუტატად იყო დასახელებული. „ევროპელებიდან“ საკრებულოს მანდატი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს ირაკლი მარშანიშვილსა და მერობის კანდიდატს, ამირან გიგინეიშვილს ერგოთ.
„პატრიოტთა ალინსს“, რომელმაც ამომრჩევლის ხმათა 5,68% მიიღო , მომავალ საკრებულოში ერთი წევრით იქნება წარმოდგენილი. დეპუტატის მანდატი სიის პირველმა ნომერმა, ლელა ჩახვაძემ მიიღო, რომელიც მერობის კანდიდატადაც იყო დასახელებული.
„ქართული ოცნება“ , რომელმაც 58, 24% აიღო, მომავალ საკრებულოში კი სრულ უმრავლესობას წარმოადგენ, 17 მაჟორიტართან ერთად, პროპორციული სიით, არსებული მონაცემებით, 10 მანდატის მოპოვებას შესძლებს.
ლანჩხუთის 61 ოლქის ინფორმაციით, ხმის დათვლის პროცედურა ჯერ არ დამთავრებულა და შესაბამისად, დაზუსტებულ მონაცემს, თუ რომელი პარტია რამდენი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საკრებულოში, არ ახმაურებენ.
„საბოლოოდ ხმის დათვლის პროცედურა ჯერ არ დამთავრებულა. მიმდინარეობს საჩივრების განხილვა. ზუსტი მონაცემი, პროპორციული სიით რამდენი კაცის შეყვანა შესძლო საკრებულოში ამა თუ იმ პარტიამ ჯერ არ გვაქვს“, _ გვითხრა საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა კილაძემ.