“მიგვაჩნია, რომ ჩვენი უფლებები ირღვევა, ჩვენ ჩვენი საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის გვსჯიან”, _ შშმ პირების ოზურგეთის სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელი რომან ლომაძე “გურია ნიუსს” დაუკავშირდა და საკუთარი აზრის დაფიქსირება გვთხოვა.
რომან ლომაძე “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ მას და ქალაქ ოზურგეთის მერობის კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს:
_ პირველად ვსაუბრობ დღეს ამ თემაზე პრესასთან. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და ღირსების შემლახველი ის სიტუაცია, რაც დღეს ოზურგეთშია. ბეგლარ სიორიძემ, წლების წინ, მისი პირველი საარჩევნო პიარკამპანია ჩვენგან დაიწყო. უყვარდა ეს ბავშვები, პატივს გვცემდა, ხშირად მოდიოდა, ბავშვებს ესალმებოდა. მათაც ძალიან უყვარდათ. ახლა კი დაგვიპირისპირდა იმის გამო, რომ მისი კონკურენტი მერობის კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ჩვენი ოჯახის ახლობელია, _ ამბობს ლომაძე.
_ ჩვენ ავირჩიეთ ნეიტრალური პოზიცია, ყველა კანდიდატთან მოვაწყვეთ შეხვედრა, შეთანხმებული ვიყავით, ბეგი უნდა მოსულიყო, მაგრამ მასთან შეხვედრა არ შედგა. მივედით იმ დასკვნამდე, რომ ის ჩვენზე განაწყენებული იყო, მაგრამ რის გამო, არ ვიცით. ვნახე მისი ერთ-ერთი მოადგილე და ვუთხარი, რომ ჩვენ ნეიტრალურ პოზიციაზე ვიყავით.
ამის შემდეგ, ჩვენი ოფისის წინ ბატონი ბეგი შეხვდა ხალხს, მოსახლეობას, ჩვენთან კი არც მოვიდა და არ მოგვესალმა. ბავშვები მოუთმენლად ელოდებოდნენ, იქნებ დღეს მაინც მოვიდესო.
რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსმა შეხვედრაზე განაცხადა, ის თანხა, რომელსაც გვირიცხავენ, წყალში გადაყრილი თანხაო. შეიძლება, ამის შესახებ ბატონმა ბეგიმ საერთოდაც არაფერი იცოდეს. ჩვენთვის უცნობია, გაგვიგრძელებენ თუ არა ამ ხელშეკრულებას და დაფინანსებას, მაგრამ მთავარია, რომ ის, რაც არჩევნების დროს ოზურგეთში ხდებოდა, შემაშფოთებელია _ ოზურგეთის ახალგაზრდობა გაიყო ორად და ერთმანეთს დაუპირისპირდა. ჩემი თვალით დავინახე, როგორ არიგებდნენ ახალგაზრდები “ოცნებიდან” ზვანის საარჩევნო უბანზე თანხას არჩევნების დღეს და ამბობდნენ, რომ ამ თხილის ვალი მაქვს და იმიტომ ვარიგებო, _ ამბობს ლომაძე და აღნიშნავს, რომ ცენტრში მყოფი ერთ-ერთი ახალგაზრდა _ ნატალია გორდელაძე, რომელიც კომისიის სერტიფიცირებული წევრი იყო, ამოიღეს სიიდან.
ნატალია გორდელაძე განმარტავს, რომ ის წინა არჩევნებზე თავის მოვალეობას ასრულებდა, წელს კი, გაუგებარია, რატომ არ მისცეს ამის უფლება:
_ მაიძულეს, ნებით დამეტოვებინა კომისია, რომ მერე ეთქვათ, საკუთარი ნებით დატოვაო. დამცირებულად ვგრძნობ თავს. დამირეკეს და მითხრეს, თამარიონში შეხვედრაა და უნდა მოხვიდეო. ვიკითხე, რაიმე ტრენინგია,-მეთქი? არ მითხრა, ვინ იყო, ვისი დავალებით მირეკავდა და მისვლაზე უარი ვუთხარი. ამის შემდეგ მეუბნებიან, შენ “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობაზე უარს ამბობო, _ ამბობს გორდელაძე.
შშმ პირი თამუნა ლურსმანაშვილი აღნიშნავს, რომ არჩევნებზე “ქართული ოცნების” შტაბიდან მოთხოვეს სარეკლამო კლიპის ჩაწერა, რაზედაც უარი იმის გამო განაცხადა, რომ კლიპის ფორმატს და რეკლამის ტექსტს პრესსამსახური სთავაზობდა:
_ ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე კანდიდატს მხარს ვუჭერ. მე ჩემს მწვავე უფლებებს ყოველთვის ვიცავდი და დავიცავ, რომელი მთავრობაც არ უნდა იყოს. მითხრეს “ოცნების” დამკვირვებელი უნდა იყოო. დავთანხმდი, თუმცა რამდენიმე დღეში მითხრეს, კლიპში უნდა მიიღო მონაწილეობაო. მთავაზობდნენ გამზადებულ ფორმატს და ტექსტს. არ მომეწონა ფორმატი _ მე 15 წელია ჩემს უფლებებს ვიცავ, ჩემი აზრი მაქვს და ვერავინ დამაძალებს, ასე თქვიო, _ ამბობს თამუნა ლურსმანაშვილი.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს _ პრესსამსახურის მიერ მოწოდებული პასუხები აღნიშნულ მოსაზრებებთან და ბრალდებებთან დაკავშირებით ასეთია:
_ საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი და თავად ბატონ რომანსაც მოეხსენება ბეგლარ სიორიძის ახლო და მეგობრული ურთიერთობები ცენტრის ბენეფიციარებთან. ეს ურთიერთობები ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ბეგლარ სიორიძის მერობამდე და გრძელდება დღესაც.
არჩევნებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს დაგეგმილი ჰქონდა ინტენსიური წინასაარჩევნო შეხვედრები სოფლებში. გადატვირთული გრაფიკის გამო მან, სამწუხაროდ, ვერ შეძლო თემატური შეხვედრების ჩატარება სხვადასხვა სფეროს და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. სწორედ ამ მიზეზით ვეღარ მოხერხდა შეხვედრა საქველმოქმედო ასოციაცია “გურიასთან”. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის მიზეზი, თუ რის გამოც ვერ შედგა აღნიშნული შეხვედრა.
პარტიის გადაწყვეტილებით, წლევანდელ არჩევნებზე ნატალია გორდელაძე “ქართული ოცნების” წარმომადგენლის პოზიციაზე უნდა ყოფილიყო დანიშნული, რის შესახებაც წინასწარვე ეცნობა ქალბატონ ნატალიას. თუმცა, მან აღნიშნულ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, არ არის სწორი ის ინფორმაცია, თითქოს, ნატალია გორდელაძე მამის შესახებ არ იცოდა. მას შტაბიდან დაურეკეს და წინასწარვე ჩააყენეს პოზიციის ცვლილების შესახებ საქმის კურსში.
რაც შეეხება თამუნა ლურსმანაშვილს, ის ყოველთვის აქტიურად გამოხატავდა კეთილგანწყობას ბეგლარ სიორიძის მიმართ და ამ სამი წლის მანძილზე ინტენსიურად თანამშრომლობდა, როგორც მერთან, ასევე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის საკითხებზე. სწორედ მისი პირადი კეთილგანწყობის გამო გადაწყვიტა კანდიდატის პრესსამსახურმა, შეეთავაზებინა თამუნა ლურსმანაშვილისთვის, ბეგლარ სიორიძის მხარდასაჭერ ვიდეო-რგოლში მონაწილეობის მიღება. აქ საუბარიც კი ზედმეტია დაძალებაზე ან წინასწარ მომზადებული ტექსტის შეთავაზებაზე, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, კლიპის დამკვეთის თავად არჩევს კლიპის ფორმატს. პრესსამსახურმა, უბრალოდ, სთხოვა თამუნა ლურსმანაშვილს ამ რგოლში მონაწილეობის მიღება. მან მიიღო შეთავაზება და განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში მოახერხებდა ვიდეო-რგოლის ჩაწერას და ამის შესახებ წინასწარ შეეხმიანებოდა პრესსამსახურს. თუმცა, ამის შემდეგ, ლურსმანაშვილი აღარ შეგვხმიანებია. შესაბამისად, საუბარი დაძალებაზე, სრულიად არასწორია.
რაც შეეხება საქველმოქმედო ასოციაცია “გურიას”, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ა(ა)იპ ასოციაცია “გურიასთვის” ხელშეკრულება არ შეუწყვეტია, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ა(ა)იპ არ არის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და, შესაბამისად, არ აქვს დაფინანსების ვალდებულება, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი იჩენს კეთილ ნებას და 2014 წლიდან დღემდე ბენეფიციარებს აფინანსებს.
კერძოდ: 2014 წლის აგვისტოდან, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპ ასოციაცია “გურია” დააფინანსა 20 100 ლარით, 2015 წელს _ 40 200 ლარით, 2016 წელს _ 40 200 ლარით, 2017 წელს _ 18 000 ლარით.
ქალაქის მერიას და ასოციაცია “გურიას” შორის ხელშეკრულება გრძელდება, რომლის მოქმედების ვადა 31 ოქტომბრამდეა განსაზღვრული. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება 9 100 ლარით დაფინანსება.
რაც შეეხება აგიტატორების მიერ ფულის დარიგებასთან დაკავშირებულ ბრალდებას, მსგავსი ფაქტი არათუ მესამე საჯარო სკოლასთან არ მომხდარა, არამედ მსგავს შემთხვევას “ქართული ოცნების” მხრიდან არსად არ ჰქონია ადგილი _ აგიტატორები მუშაობდნენ მხოლოდ და მხოლოდ კანონის მიერ დადგენილ ჩარჩოებში, ხოლო თუ ბატონი ლომაძე ფიქრობს, რომ მას გააჩნია მსგავსი ქმედების დამადასტურებელი ფაქტები, აუცილებლად უნდა მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, _ ამბობენ “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბში.