დღეს, ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ, “ქართული ოცნების” შტაბში ჟურნალისტებთან ბრიფინგი გამართა. მან ისაუბრა არჩევნების მეორე ტურის შესახებ და უპასუხა ჟურნალისტთა კითხვებს.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, რას ნიშნავდა და ვის გულისხმობდა 21ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში: “თვით გაერთიანებული ბოროტებაც კი ვერ დაამარცხებს სიმართლეს”, ბეგლარ სიორიძემ ასეთი პასუხი გაგვცა:
_ დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ჩემს ამ განცხადებას ზოგიერთმა სააგენტომ სხვა ინტერპრეტაცია მისცა. ვგულისხმობდი და ვგულისხმობ იმას, რომ ბოროტება, თვით დედამიწის ზურგზეც რაც არის, რომ გაერთიანდეს, სიკეთეს ვერ ამარცხებს. ამაში, რა თქმა უნდა, ხალხი ან ოპოზიციური პარტიები არ მიგულისხმია. კონკრეტულად კი გეტყვით, უფრო დიდი ბოროტება რა უნდა იყოს, როცა გაავრცელეს ხმები, რომ მე არჩევნების ღამეს, თითქოს, შტაბიდან ნარკოტიკს ვარიგებდი. აი, ეს არის ბოროტება და მსგავსი მრავალი განცხადება, რასაც ბოროტების გარდა, სახელი არაფერი ჰქვია. თუმცა, ვიმეორებ, რაც ბოროტებაა დედამიწაზე, ყველა რომ გაერთიანდეს, სიკეთეს ვერ მოერევა, _ თქვა მერობის კანდიდატმა.